თამარ მეარაყიშვილი: 11 დღე გავატარე ციხეში შიმშილობაში და მინიმუმ ჯანმრთელობის მხრივ შეიძლებოდა მოკითხვა, მაგრამ არავინ დამკავშირებია ხელისუფლებიდან, მხოლოდ ტრანსპორტირება მოხდა ერგნეთიდან და აღარავინ დაინტერესებულა

მინიმუმ ჯანმრთელობის მხრივ შეიძლებოდა მოკითხვა, მაგრამ საერთოდ არავინ არ დამკავშირებია [საქართველოს ხელისუფლებიდან], – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა განაცხადა, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ცხინვალში, ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული.

თამარ მეარაყიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ერგნეთიდან გორამდე მისი ტრანსპორტირება უზრუნველყო.

„9 წელი ვიყავი გადაადგილების უფლებაჩამორთმეული, სტრესში, შიშში, ბოლო 11 დღე გავატარე ციხეში შიმშილობაში და მინიმუმ ჯანმრთელობის მხრივ შეიძლებოდა მოკითხვა. საერთოდ არავინ არ დამკავშირებია. მოხდა მხოლოდ ჩემი ტრანსპორტირება ერგნეთიდან გორამდე, დანარჩენი არავის აღარ დააინტერესა, სად ვარ და როგორ ვარ“, – განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ როდესაც მისი ტელეფონის ნომერი გაიგეს ცხინვალის რეგიონიდან საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანები ურეკავენ და დახმარებას სთავაზობენ.

მისივე თქმით, მან ასევე მიიღო შეტყობინება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთი „მაღალი თანამდებობის პირისგანაც“.

„ცხინვალში როგორც კი გაიგეს, რომ მე მაქვს ნომერი, მირეკავენ, სხვათა შორის „ხელისუფლების“ წარმომადგენლებიც არიან, რადგან თვითონ შიგნითაც დაიღალნენ უიმედო ცხოვრებით. მაგალითად, ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა მითხრა: „თამრო, მალე მოშორდებიან ესენი”, დიდი დრო არ დარჩა, შენ წესიერებაში არასდროს გვეპარებოდა ეჭვი, ნუ ინერვიულებ, შენი სახლი არსად გაიქცევა და დაგელოდება, ჩვენ ისევ შევხვდებით, აუცილებლად დაბრუნდები“. საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანები მწერენ, მირეკავენ, რა გამოგიგზავნოთ, ფულით ხომ არ დაგეხმაროთ. ხმოვან შეტყობინებას რომ მიგზავნიან, იქ ცრემლებია“, – განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მიერ „მთავრობის“ დათხოვნას, თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ გაგლოევი ცხინვალის რეგიონში არაპოპულარულია და კორუფციულ სქემებთან, ორგანიზაციულ დანაშაულთან და კონტრაბანდასთან კავშირის გამო „რუსეთს აღიზიანებდა“, რაც სავარაუდოდ გახდა მთავრობის დათხოვნის მიზეზი.

„საკმაოდ არაპოპულარულია თვითონ გაგლოევი, თვითონ ვერ გადადგება და რაღაცით განმუხტა სიტუაცია. ზუსტად წინა დღეებში მოძრაობამ „სამოქალაქო პლატფორმა“ კი ღიად განაცხადა კორუფციის შესახებ. სხვათა შორის მათმა აქტიურმა მხარდაჭერამაც მოიყვანა გაგლოევი ხელისუფლებაში. მეც კორუფციაზე ვსაუბრობდი სულ. ეს ყველაფერი გაგლოევის დონეზე, „მინისტრების“ დონეზეა მხარდაჭერილი.

მხოლოდ ბიუჯეტის ფლანგვა არ არის, რაც რუსეთს აღიზიანებს. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ძალიან საინტერესო მასალები გავრცელდა სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე, რომელიც იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ შედგენილი წერილები და ეს ეხებოდა ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობს გაგლოევის ძმა, რომელიც დაკავებულია რეკეტით, ადამიანების გატაცებით, გამოძალვით და ა.შ. მეორე იყო კიდევ კონტრაბანდული სიგარეტისა და საწვავის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოწოდება და თანამშრომლობა. აქ უკვე გაგლოევის ახლობლების და უშიშროების მაღალჩინოსნების კავშირზე იყო საუბარი“, – განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.