როდესაც ქვეყანა 5 მილიარდს იხდის საჯარო მოხელეების ხელფასებში, 500 მილიონს იხდის მხოლოდ პრემიებში და ენით აღუწერელია ფუფუნება, რომელშიც ცხოვრობენ მინისტრები და ამ ვითარებაში, როდესაც ეს ზღვარდაუდებელი სიხარბე უკვე მათ მიერვე არის მხილებული, ახლა ცდილობენ, რომ სუპერმარკეტების რაოდენობას გადააბრალონ პრობლემები , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პროდუქტებზე გაზრდილი ფასების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც მთავრობა კორუმპირებულია, შეუძლებელია, ხალხი კარგად ცხოვრობდეს.
„იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს. ყველასთვის ცხადია, რომ ფასებს თავისუფალი ბაზარი არეგულირებს. ამ ქვეყანაში არის ეკონომიკის სამინისტრო, საგადასახადო სისტემა, ეროვნული ბანკი, რომელთა სწორი მოქმედებების შედეგად ხდება ხელშეწყობა ამა თუ იმ პროცესებისათვის. როდესაც ქვეყანაში გაქვს 18%-იანი დღგ-ს გადასახადი, როდესაც ახრჩობ ადამიანებს, როდესაც კორუფციამ მიაღწია იმ მასშტაბს, რომ ანით აღუწერელ სიმდიდრეს ინახავენ სახლში ჩინოვნიკები, ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე რომელიღაც მეწარმეები ეწევიან ბაზრის ნგრევას, უბრალოდ ადამიანების მოტყუებაა. ჩვენ გამოვიარეთ კომუნისტური ეპოქა და გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის ტალონები, ყველის ტალონები და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ქართული ოცნება“.
ინფლაციის შემდეგ ადამიანებს აღარ ჰყოფნით ფული, რომ შევიდნენ სუპერმარკეტებში და იყიდონ საჭირო პროდუქტი. ეს პრობლემა რეალურია, მაგრამ მისი გადაჭრა ისე კი არ უნდა მოხდეს, რომ სუსი შეუვარდეს მაღაზიის მფლობელებს, დაატეროროს ისინი და რაღაცების გაკეთება აიძულოს. ამა შეიძლება ორდღიანი ეფექტი მოგვცეს, მაგრამ ეკონომიკაზე დამანგრევლად იმოქმედოს.
რა პრემიერ-მინისტრის საქმეა, რამდენი სუპერმარკეტი იქნება საქართველოში? რომელიმე დაბაში ვინმე გახსნის თუ არა მაღაზიას, ეს რა სახელმწიფოს საქმეა? სახელმწიფოს საქმეა, არ მოიპარონ იმდენი ფული, რომელიც შემდეგ ქვეყანას დაანგრევს.
როდესაც ქვეყანა 5 მილიარდს იხდის საჯარო მოხელეების ხელფასებში, 500 მილიონს იხდის მხოლოდ პრემიებში და ენით აღუწერელია ის ფუფუნება, რომელშიც ცხოვრობენ მინისტრები და ამ ვითარებაში, როდესაც ეს ზღვარდაუდებელი სიხარბე უკვე მათ მიერვე არის მხილებული, ახლა ცდილობენ, რომ სუპერმარკეტების რაოდენობას გადააბრალონ პრობლემები, რომელიც აუცილებლად დადგებოდა ქვეყანაში. არ შეიძლება, კორუმპირებული იყოს მთავრობა და ხალხი კარგად ცხოვრობდეს“, – განაცხადა წიკლაურმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კიდევ ერთ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც სატელევიზიო ეთერებში ოპონენტი პოლიტიკოსების დებატებს ეხება. წიკლაურის თქმით, ძალიან დიდი მიამიტობა იქნება იმაზე ფიქრი, რომ სახელისუფლებო გუნდის წევრები ოპონენტებთან სადებატოდ დასხდებიან.
„რამდენიმე წლის წინ თავად დადიოდნენ ამ დებატებში, შემდეგ თვითონვე დახურეს ეს კარი და გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ თავიანთ პროპაგანდისტულ მედიებში უნდა იარონ. რაც მთავარია, იმ პროპაგანდისტულ მედიებში არ უნდა გააჭაჭანონ განსხვავებული აზრი და არ უნდა დაუშვან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მისვლა. ალბათ, ძალიან დიდი მიამიტობა იქნება, ვიფიქროთ, რომ ამ ადამიანს, რომელსაც არც რეპუტაცია აღელვებს და არც მიცემული სიტყვა, ახლა მართლა უნდა სრულფასოვანი დებატების გახსნა მაშინ, როდესაც პირბადის გულისთვის იჭერენ ადამიანებს, როდესაც ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ ადამიანებს, როდესაც ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან ახლა არის ციხეში ან უკვე იყო ციხეში, ამ ვითარებაში ვის წარმოუდგენია, რომ სერიოზული ლაპარაკი შეიძლება იყოს ამ დებატებზე? როგორც ჩანს, ესეც არის მორიგი იაფფასიანი ტრიუკი, პრიმიტიული დამოკიდებულება ქართველ ხალხთან, მის მისწრაფებებთან და სულაც არ გამოვრიცხავ, საბოლოო ჯამში მივიდეს იქამდე, რომ ეს „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით და მეორე მხარეს მთავრობა დასხდნენ ერთად და რაღაცაზე იდებატონ“, – განაცხადა წიკლაურმა.




