მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ახორციელებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც ეხება სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესასყიდი სამუშაოების სარეკომენდაციო ღირებულებების დადგენას, – ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დეპარტამენტმა შეისწავლა და გააანალიზა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შესყიდული ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები.
„აღნიშნული შესწავლის ფარგლებში, თვალსაჩინოდ გამოიკვეთა შესყიდვის დაგეგმვის ეტაპზე სამშენებლო სამუშაოების ღირებულების დადგენის არაერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც დიდწილად განაპირობებდა გამოცხადებული ტენდერების უშედეგოდ დასრულებას, შესყიდული სამუშაოების ხარისხსა და სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესასყიდ სამუშაოებთან დაკავშირებით გაიმართა არაერთი შეხვედრა შემსყიდველ ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მათ შორის, ა(ა)იპ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან. დეპარტამენტის ინიციირებით, გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით სამშენებლო მასალების, მანქანა-მოწყობილობებისა და შრომის ანაზღაურების შესაბამისი სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულების განსაზღვრა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეიმუშავა შრომის ანაზღაურების სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულებები, რაც ხელფასების მხრივ საშუალოდ 20-25 პროცენტიანი ზრდას გულისხმობს. გარდა ამისა, ბიურო მოამზადებს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებული სამშენებლო მასალების, მანქანა-მოწყობილობებისა და შრომის ანაზღაურების საბაზრო ღირებულების ნუსხას, რომელიც ყოველწლიურად განახლდება და სახელმწიფო უწყებებს, საჯარო/კერძო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, ეფექტიანად დაგეგმონ და წინასწარ გაითვალისწინონ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული სავარაუდო ხარჯები.
როგორც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში აღნიშნავენ, სამშენებლო მასალების შესაბამისი სარეკომენდაციო საბაზრო ფასის დადგენა და მისი ყოველწლიური განახლება ხელს შეუწყობს შესყიდვების ეფექტიანად, რაციონალურად და გამჭვირვალედ განხორციელებას, რაც თავის მხრივ, აისახება შესყიდული სამუშაოების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე.
ამასთან, დოკუმენტში საუბარია ბაზრის კვლევის ელექტრონულ მოდულზე (MRS) და აღნიშნულია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ბაზრის კვლევის მასალებზე თანაბარი წვდომა მინიმუმამდე ამცირებს მიკერძოების და რომელიმე მიმწოდებლის მიმართ უპირატესობის მინიჭების რისკებს.
„შეტყობინება ბაზრის კვლევის დაწყების შესახებ, შესაბამისი კლასიფიკატორის კოდის მიხედვით, ავტომატურად მისდის შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ პირს, ამავდროულად, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია სისტემაში სტუმრის სტატუსით მოსარგებლე პირებისთვისაც. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით დასვას კითხვა და მიიღოს ამომწურავი პასუხი. ბაზრის კვლევის მოდულის საშუალებით ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, სისტემის საშუალებით, წინასწარ განსაზღვრულ დროს ხდება ხელმისაწვდომი შემსყიდველისთვის. წარდგენილი ინფორმაცია არ არის საჯარო, მასზე წვდომა აქვს მხოლოდ კონკრეტულ შემსყიდველ ორგანიზაციას. ბაზრის კვლევის მოდულის საშუალებით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, დაიგეგმება და განხორციელდება შემდგომი შესყიდვის პროცედურები. ახალი მოდულის გამოყენებით ბაზრის კვლევა ტარდება ელექტრონულ, გამარტივებულ, სახელმწიფო საწარმოების მიერ შესყიდვის სპეციალურ წესით განხორციელებულ და კანონის ცალკეული გამონაკლისებით ჩატარებულ შესყიდვებზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდულის დანერგვის მიზანია: სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილე სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების შექმნა; სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში კორუფციული რისკების მაქსიმალურად შემცირება და მათი პრევენცია; სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირთა ჩართულობის ზრდა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში გამჭვირვალობის ხარისხის ზრდა; სახელმწიფო სახსრების მეტად ეკონომიურად, პროდუქტიულად და ეფექტიანად განკარგვა.
„ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული (MRS) წარმოადგენს ინოვაციურ პროდუქტს, რომელიც არის შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის განუყოფელი ნაწილი. ელექტრონული მოდული არის სიახლე და არ აქვს ანალოგი, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე კანდიდატი ქვეყნების შესყიდვების სისტემებში. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ 4 751 სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელ შესყიდვებზე ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება ამავე სისტემაში რეგისტრირებულ 59 475 ეკონომიკურ ოპერატორს, მათი დაინტერესების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს მონაწილეთა დროულ ინფორმირებას და ზრდის ჩართულობას სახელმწიფო შესყიდვებში. MRS მოდული ემსახურება სახელმწიფო სახსრების გამჭვირვალე და რაციონალურ ხარჯვას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.




