ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, გრენლანდიის დანიასთან დარჩენის საკითხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს არ განუხილავთ.
Fox News-თან ინტერვიუში, რუტეს დაუსვეს შეკითხვა, დარჩება თუ არა გრენლანდია დანიის სამეფოს დაქვემდებარებაში იმ ჩარჩო შეთანხმებით, რომელიც ტრამპმა ახსენა.
„ეს საკითხი პრეზიდენტთან საუბრებში აღარ განხილულა. ის (ტრამპი) ორიენტირებულია იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს უზარმაზარი არქტიკული რეგიონი – სადაც ამჟამად ცვლილებები ხდება, სადაც ჩინელები და რუსები სულ უფრო და უფრო აქტიურები არიან – როგორ შეგვიძლია მისი დაცვა“, – აღნიშნა რუტემ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან „ძალიან პროდუქტიული შეხვედრის“ საფუძველზე, მათ „შექმნეს გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო“. „ეს შეთანხმება, თუ ბოლომდე იქნება მიყვანილი, დიადი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ყველა ქვეყნისთვის. ამ შეთანხმებაზე დაყრდნობით, არ დავაწესებ ტარიფებს, რომლებიც 1-ელ თებერვალს უნდა შესულიყო ძალაში“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.




