არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“
ღია წერილი
საქართველოს პრეზიდენტს ბ-ნ მიხეილ ყაველაშვილს
ბ-ნო პრეზიდენტო,
ღია წერილით მომართვა გადაგვაწყვეტინა თქვენს მიერ განხორციელებულ ბოლო შეწყალებასთან დაკავშირებით ატეხილმა ხელოვნურმა აჟიოტაჟმა.
ზოგადად მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული ამ ჰუმანური აქტის განხორციელების პრეზიდენტისათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება უფრო ეფექტური იქნება და ნაკლები მითქმა-მოთქმის საშუალებას მისცემს ჩასაფრებულ ადამიანებს, თუ საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება იმ პირთა ვინაობა, ვინც იღებს გადაწყვეტილებას იმაზე, თუ რომელი მსჯავრდებულები შეიყვანონ თქვენთვის წარმოსადგენ შესაწყალებელთა სიაში.
ბუნებრივია, ამაზე მუშაობს კონკრეტული ჯგუფი, ვინაიდან შეუძლებელია ერთმა ადამიანმა დაამუშაოს შეწყალების მსურველთა განცხადებებთან და მათ სს საქმეებთან დაკავშირებული უზარმაზარი მასალა. რადგან ამ ჯგუფის წევრების ვინაობა, მათი გამოცდილება, კომპეტენცია და მათ მიერ გამოყენებული კრიტერიუმები უცნობია ფართო საზოგადოებისთვის, ეს ბადებს სხვადასხვა მითქმა-მოთქმისა და არაჯანსაღი აჟიოტაჟის შექმნის საფუძველს.
ვინაიდან შეწყალების საკითხზე მომუშავე ჯგუფის წევრების ვინაობა ჩვენთვისაც უცნობია, ამიტომ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით საჯაროდ მოგმართავთ პირადად თქვენ (სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა აღნიშნულ ჯგუფთან სამუშაო ვითარებაში განგვეხილა საკითხი და მისი საშუალებით მოსულიყო თქვენამდე აქ წამოჭრილი პრობლემა).
საკითხი ეხება ვლადიმერ არუთინიანის (დაბ. 1978 წელს) სს საქმეს და მისი შესაძლო შეწყალების საკითხს. მოკლედ შეგახსენებთ, რომ ეს არის პიროვნება, რომელმაც მის მიმართ დადგენილი განაჩენის მიხედვით, 2005 წლის 9 მაისს ხელყუმბარა ისროლა საქართველოში სტუმრად მყოფი აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშისა და საქართველოს პრეზოდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით.
ხელყუმბარა არ აფეთქებულა და არათუ ვინმე არ დაზიანებულა, არამედ იქ მყოფ რამდენიმე ათას ადამიანს შორის არც არავის გაუგია ხელყუმბარის სროლის ფაქტი.
ამ ფაქტიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ, ვლადიმერ არუთინიანის დაკავების ოპერაციის დროს ატეხილი სროლების შედეგად გარდაიცვალა პოლიციელი, ხოლო გამოძიებამ და სასამართლომ დაადგინა, რომ ის სწორედ არუთინიანის მიერ ნასროლმა ტყვიამ შეიწირა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სს საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 იანვრის განაჩენით ვლადიმერ არუთინიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – ტუსაღობა 4 თვის ვადით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, 323-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით, 19, 109-ე მუხლის „ა“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, 109-ე მუხლის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა, 325-ე მუხლით – უვადო თავისუფლების აღკვეთა და 326-ე მუხლით – უვადო თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე ნაწილობრივ შეიკრიბა ზემოთ აღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, ერთობლივად, ვ. არუთინიანს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის მოხდის ვადა დაეწყო დაკავების დღიდან – 2005 წლის 20 ივლისიდან.
განვლილი 20 წლის მანძილზე განხორციელებულმა არაერთმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და არაერთხელ გამოქვეყნებულმა ამნისტიებმა ასევე ცვლილებები შეიტანა ვლადიმერ არუთინიანის სასჯელებშიც. ტექსტს არ გადავტვირთავთ ყველა განხორციელებული ცვლილების შედეგად არუთინიანის განაჩენში შეტანილი ცვლილებების დეტალური აღწერით, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.
2025 წლის 7 ივლისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სს საქმეთა პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სს საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 იანვრის და 2013 წლის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 5 ივლისის განაჩენებში შეიტანა ცვლილება და დაადგინა:
არუთინიანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და (2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
მსჯავრდებული არუთინიანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და (2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით.
მსჯავრდებული არუთინიანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და (2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის და 9 თვის ვადით.
მსჯავრდებული არუთინიანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“, „გ“ და „ზ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და (2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის და 6 თვის ვადით.
მსჯავრდებული არუთინიანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ და „ზ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული არუთინიანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 325-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და (2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული არუთინიანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 326-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და (2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სს საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 იანვრის და 2013 წლის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 5 ივლისის განაჩენები, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სს საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
ამრიგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სს საქმეთა პალატამ 2025 წლის 7 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ არუთინიანის მიმართ დადგენილი 3 უვადო თავისუფლების აღკვეთიდან 1 შეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით (10 წლითა და 6 თვით), რომლის ვადაც მსჯავრდებულმა სრულად მოიხადა 2016 წლის 20 იანვარს. რაც შეეხება არუთინიანისათვის სსკ-ის 325-ე და 326-ე მუხლებით შეფარდებულ დარჩენილ 2 უვადო თავისუფლების აღკვეთას, ის ძალაში დარჩა, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ისინი დანიშნულია კანონმდებლობისს უხეში დარღვევით შემდეგი მიზეზების გამო:
სსკ-ის 325-ე მუხლის („საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა“) მიხედვით, „საქართველოს პრეზიდენტის, სხვა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა ამ თანამდებობის პირის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
ხოლო სსკ-ის 326-ე მუხლის („საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმა“) მიხედვით, „საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე უცხო ქვეყნის წარმომადგენელზე ან საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელზე ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა პოლიტიკური მოტივით ან საერთაშორისო ურთიერთობების გართულების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
როგორც ცნობილია, ვ. არუთინიანს ბრალად ედებოდა აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობდა 2005 წლის 9 მაისს აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტებზე (ჯორჯ ბუშსა და მიხეილ სააკაშვილზე) განხორციელებულ თავდასხმას. მსოფლიოში გახმაურებული ამ პოლიტიკური დანაშაულის აჟიტირების ფონზე ნაკლები ყურადღება ექცეოდა მის სამართლებრივ მხარეს, მით უმეტეს, რომ ვლადიმერ არუთინიანის დაკავების დროს მის მიერ გასროლილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლულ იქნა პოლიციის თანამშრომელი, რისთვისაც მას სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ და „ზ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მაშინ აღარავინ მიაქცია ყურადღება იმას, რომ მას დამატებით 2 სხვა მუხლით (სსკ-ის 325-ე და 326-ე მუხლებით) მიესაჯა კიდევ 2 უვადო თავისუფლების აღკვეთა. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ არუთინიანს 2005 წელს ფაქტობრივად არ ჰყოლია ადვოკატი, რადგან სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი ატეხილი პოლიტიკური აჟიოტაჟის ფონზე მის დაცვას მხოლოდ ფორმალურად ახორციელებდა და არც გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის განაჩენი.
დღეს, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სს საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განაჩენით სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ და „ზ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული უვადო თავისუფლების აღკვეთა იბრაგიმ არუთინიანს შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, რომელიც მან უკვე მოიხადა ზუსტად 10 წლის წინ, დღის წესრიგში დგას მისი ქმედების არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასების საკითხი. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ მის მიმართ სსკ-ის 325-ე და 326-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება იყო არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება, შემდეგ მიზეზთა გამო:
ვინაიდან არც ჯორჯ ბუშს, არც მიხეილ სააკაშვილს და არც არავის არ მიუღიათ არავითარი ზიანი, უფრო მეტიც, იმ მომენტში არც არავის გაუგია, რომ მათზე მოხდა თავდასხმა. ამდენად, ვლადიმერ არუთინიანს ბრალი უნდა ჰქონდეს წარდგენილი არა დასრულებული, არამედ დაუმთავრებელი დანაშაულისათვის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისი ქმედება ექცევა არა სსკ-ის 325-ე და 326-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებრივ ქმედებაში, არამედ ეს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც სსკ-ის 19,325-ე და 19,326-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, ანუ დანაშაულის ჩადენის მცდელობა, ანუ დაუმთავრებელი დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის (სასჯელის დანიშვნა დაუმთავრებელი დანაშაულისათვის) მე-4 ნაწილის მიხედვით, „უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაინიშნოს დანაშაულის მომზადებისათვის ან მცდელობისათვის“.
სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ვლადიმერ არუთინიანის მიერ ჩადენილი დანაშაული იყო სწორედ მცდელობა და არა ისეთი დასრულებული ქმედება, რომელმაც მიზანს მიაღწია. არავინ დავობს იმას, რომ დაზარალებულ ჯორჯ ბუშსა და მიხეილ სააკაშვილს დანაშაულის ჩადენის მომენტში არათუ რაიმე დაზიანება არ მიუღიათ, არამედ თმის ღერიც არ ჩამოვარდნიათ და დღესაც, 20 წლის შემდეგ ცოცხლები და ჯანმრთელები არიან.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ არუთინიანი დღეს სასჯელს იხდის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივებით. ჩვენ გვესმის, რომ მისი პატიმრობის საკითხი დელიკატურია, საქმე ეხება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს მეთაურზე თავდასხმას და ამ სახელმწიფოს უსაფრთხოების წარმომედგენლები სავარაუდოდ დღესაც კი ყურადღებით აკვირდებიან თავდამსხმელის სასჯელის მოხდის პროცედურებს. ამის გამო საჭირო იქნება აშშ-ს შესაბამისი უწყების წარმომადგენლების წინასწარი ინფორმირება, მათთან შესაბამისი კონსულტაციების გავლა და იმ მიზეზების ახსნა, რომ სასჯელის განსაზღვრისა და მისი მოხდის საკითხებში პოლიტიკა არ უნდა იდგეს სამართალზე და სამართლიანობაზე წინ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობთ დღეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა გამოასწოროს შექმნილი სამართლებრივი კაზუსი და მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების დისკრეციული უფლების გამოყენებით გაათავისუფლოს პატიმრობიდან მსჯავრდებული ვლადიმერ არუთინიანი.
პატივისცემით
ნანა კაკაბაძე (თავმჯდომარე)
22.01.26.




