დიდ ბრიტანეთში იწყება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესი „საქართველოს კაპიტალის“ ხელმძღვანელის, ირაკლი გილაურის მიმართ

ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლის, ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის განცხადება:
“დიდ ბრიტანეთში იწყება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესი „საქართველოს კაპიტალის“ ხელმძღვანელის, ირაკლი გილაურის მიმართ
„ბრიტანულ-ქართული აკადემიისა“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებლებმა, ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ განცხადებით მიმართეს ინგლისისა და უელსის საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე, დარგის სპეციალისტებს – კერძო ბრალდების განხორციელების მოთხოვნით, რის საფუძველზეც, დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ, იწყება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესი „საქართველოს კაპიტალის“ ხელმძღვანელის, ირაკლი გილაურის მიმართ.
სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყება შესაძლებელი გახდა სისხლის სამართლის ბრიტანელი სპეციალისტების ჩართულობით, „ბრიტანულ-ქართული აკადემიისა“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ მიტაცებასთან დაკავშირებულ ისეთი შესაძლო მძიმე დანაშაულის ნიშნების არსებობიდან გამომდინარე, როგორიცაა თაღლითობა, კორპორაციული კონტროლის ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით ფინანსური სახსრების მითვისება, კონფიდენციალური და ინსაიდერული ფინანსური ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება, ასევე ქონების უკანონო მიტაცება და განადგურება.
როგორც საქმის გარემოებებიდან იკვეთება, საქართველოს საგამოძიებო ორგანოების გარდა, საქმე ექცევა, ასევე, დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო უწყებების იურისდიქციის ქვეშ, რადგან სავარაუდო დანაშაულის ჩასადენად ირაკლი გილაური ბოროტად იყენებდა დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული იმ საჯარო კომპანიის საქმიან რეპუტაციას, რესურსებსა და საქმიან შესაძლებლობებს, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ამ კომპანიისთვის შესაძლო პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, ირაკლი გილაური მოქმედებდა საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების საშუალებით. რეალურად, კი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ კომპანიებს ერთი და იგივე გუნდი მართავს, ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით.
არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ აღნიშნულ პროცესებში ფიგურირებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც წარდგენილი აქვს ბრალი ქრთამის აღების ფაქტებზე და რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ისეთი ქმედებები, როგორიცაა საჯარო რეესტრში დოკუმენტების გაყალბება, პოლიციის ძალის უკანონო გამოყენება, სკოლის ძალადობრივი და შეიარაღებული ოკუპაცია, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, სკოლის დაცვის თანამშრომლების სახლიდან უკანონო გატაცება და დაშინება და სხვა მძიმე ქმედებები, მაღალი დონის მფარველობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. აღნიშნული გარემოებები აძლიერებს ეჭვს, რომ ამ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების მიზნით, გრიგოლ ლილუაშვილის მონაწილეობითა და გავლენით გამოყენებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტები.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს საგამოძებო უწყებებისათვის მიმართვის პარალელურად, სკოლების დამფუძნებლებმა ინფორმაცია მიაწოდეს დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელ და სამართალდამცავ ორგანოებს, მათ შორის, კაპიტალის ბაზრების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებს, რომელთა მხრიდან ეფექტიანი რეაგირების მოლოდინი არსებობს. ამასთან, ინვესტორების მოტყუებისა და ბრიტანული ფინანსური ბაზრის ბოროტად გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან „საქართველოს კაპიტალის“ ინვესტორებიც. შესაბამისად, აღნიშნული სამართლებრივი რეაგირების შედეგად, სკოლების უკანონო მიტაცების საკითხი, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი რეპუტაციული საფრთხე, უკვე აქტიური განხილვის საგანია საერთაშორისო მედიასა და ინსტიტუციური ინვესტორების წრეებშიც.
სკოლების დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში გამოძიება ობიექტურად წარიმართება, რის შედეგადაც მოხდება უკანონოდ მიტაცებული სკოლების სრული და დაუყოვნებლივი დაბრუნება დამფუძნებლებისთვის, ხოლო სკოლების მიტაცების საქმეში მონაწილე ყველა პირის მიმართ – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “

ასევე დაგაინტერესებთ