დავით მათიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თეთრი, რომელიც მოედინება საქართველოში, იყოს გამჭვირვალე. მისი განმარტებით, ხიდაშელი და უსუფაშვილი ცდილობენ, ტაივანიდან მომდინარე ფულის დანიშნულება და რაოდენობა დამალონ.
მათიკაშვილის თქმით, ისინი უნდა გამოვიდნენ და თქვან, აღიარებენ თუ არა ერთიანი ჩინეთის მოცემულობას.
“საკუთარი ქვეყნის საგარეო ინტერესის დამაზიანებელი მერამდენე განცხადება მოვისმინეთ ჩვენ, როგორც ხიდაშელისგან, ისე – უსუფაშვილისგან. საქართველოსა და ჩინეთს აქვთ სტრატეგიული ურთიერთობა, ჩინეთი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. შუა დერეფნის ეკონომიკური ფაქტორი, ალბათ, მოეხსენებათ, როგორც ერთს, ისე მეორეს და სწორედ ამ წარმატების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ ეს ადამიანები. გამოვიდნენ და თქვან, აღიარებენ თუ არა ერთიანი ჩინეთის მოცემულობას. ჩვენთვის ძალიან სენსიტიური საკითხია, როდესაც ქვეყნის შემადგენლობაში, ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არსებული პრობლემის ირგვლივ, გარკვეული კითხვის ნიშნების დასმა ხდება, ეს არის ანტიქართული ქმედება. ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ ყველა თეთრი, რომელიც მოედინება საქართველოში იყოს გამჭვირვალე და მისი მხრიდან ტყუილების თქმა, ეს არის მცდელობა, დამალოს მოცემულობა, მოცულობა და რაოდენობაც იმ თანხების, რომელიც ტაივანიდან მოედინება”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.