მძიმე დანაშაულში ბრალდებული ორგზის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ციხეშია. პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით ღარიბაშვილს ხუთ წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ყველაფერი გასული წლის ოქტომბერში გენერალური პროკურორის განცხადებით დაიწყო, რასაც მალევე მოჰყვა ბრალის წარდგენა. ორგზის პრემიერს, რომელიც სხვადასხვა დროს ასევე შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პოსტსაც იკავებდა, ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით აქვს წაყენებული. ბრალდება 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით ყოფილ პრემიერს სასჯელი გაუნახევრდა.
“საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა. ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა ირწმუნება, რომ ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმება იმიტომ გაუფორმეს, რომ დანაშაული აღიარა. ბრალის აღიარების გარდა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის ღირებული ინფორმაციის მიწოდება, თუმცა ყოფილი პრემიერის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ღარიბაშვილს სხვების წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია და არც აპირებს.
“მას საპროცესო შეთანხმებით განესაზღვრა ხუთი წელი რეალური სასჯელი. პლუს 1 მილიონი ჯარიმა, პლუს მანქანების ჩამორთმევა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში არ არის სამოხელეო დანაშაული და თავად დანაშაულიც არის ფინანსურ ნაწილში და ამ კატეგორიაში ჩადენილ დანაშაულს განეკუთვნება”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი ადვოკატი მიხეილ შაყულაშვილი.
გამოძიების ვერსიით, ირაკლი ღარიბაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და ხელფასის გარდა, სხვა ანაზღაურების მიღება, ფარულად ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას და იღებდა დიდი ოდენობით შემოსავალს.
ორგზის პრემიერის ბრალი სამოხელეო დანაშაულს არ მოიცავს, ანუ პროკურატურას არ გამოუძიებია იყენებდა თუ არა ის დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების დროს, თანამდებობას. იურისტი კახა კოჟორიძე ფიქრობს, რომ გამოძიებას სამოხელეო დანაშაულზეც რომ ემსჯელა, აქ შეიძლება სხვა პირების და უწყებების პასუხისმგებლობაც დამდგარიყო, ამიტომ ბრალდება მხოლოდ ფულის გათეთრებით შემოიფარგლა.
“საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ვეყრდნობი, რადგან საქმის მასალებზე წვდომა არ მქონია. შესაბამისად, ამომწურავ შეფასებას ვერ გავაკეთებ… ბრალდების თანახმად, ღარიბაშვილი თანამდებობაზე ყოფნის დროს ეწეოდა აკრძალულ სამეწარმეო საქმიანობას. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რომ რა არის წყარო ამ შემოსავლის მიღების? როგორც ვიცი, ეს ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. რა ისეთი ბიზნესი ჰქონდა მას, რომ ამხელა შემოსავალი მიიღო. 6.5 მილიონი დოლარი რომ ბიზნესმა შემოსავლის სახით მოიტანოს, ბუნებრივია, დიდ ბიზნესზეა საუბარი. პროკურატურას ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. თუკი აქ იქნებოდა საუბარი იმაზე, რომ მან თანამდებობა ბოროტად გამოიყენა და ამ ფორმით მიიღო შემოსავალი, ერთის მხრივ მისი პასუხისმგებლობა უფრო მძიმდებოდა და მეორეს მხრივ აჩენდა უკვე კითხვებს რომ მაგალითად პარლამენტმა, რომელსაც კონსტიტუციით ევალება აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი, რატომ ვერ უზრუნველყო თავისი კონსტიტუციური ფუნქციის განხორციელება სათანადოდ”, – ამბობს კოჟორიძე.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილება როგორც ჩანს, ნაადრევად მიიღეს, რადგან ღარიბაშვილის საქმეზე მომდევნო სხდომა 12 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი ერთი თვით ადრე ჩაინიშნა.
ბრალდებულ ღარიბაშვილს სასამართლოში მისვლა ჯამში სულ ორჯერ მოუწია. პირველად 2025 წლის ოქტომბერში, როდესაც მას, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, მილიონიანი გირაო შეუფარდეს. მეორედ საპროცესოს გაფორმების დროს, თუმცა სხდომა ისე დანიშნეს მედია არ და დასწრებია, ანუ ისე გაუშვეს ყოფილი პრემიერი ციხეში მედიას და შესაბამისად საზოგადოებას დეტალები არ გაუგია.
კოჟორიძე გვეუბნება, რომ ქართული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ყოფილ პრემიერს რამე შეღავათიანი პირობით გაუფორმდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელი სანდრო ქევხიშვილი გვეუბნება, რომ სამოხელეო დანაშაულის გარდა, ღარიბაშვილის შემთხვევაში პროკურატურა ბევრ შესაძლო კორუფციაზე ხუჭავს თვალს, რადგან გამოძიების მიზანი კორუფციასთან რეალური ბრძოლა არ არის.
“წლების განმავლობაში ეს ადამიანი ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი. საჯარო სივრცეში გავრცელებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს რომ შეხედოთ, ის ყველაზე ხშირად ფიგურირებს ასეთ შემთხვევებში. შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც სამთავრობო ბორტის გამოყენება კორუფციული გზით პირადი მიზნებისთვის. აქ იყო საუბარი ასევე ძვირად ღირებული საათების კოლექციის შეგროვებაზე, რომელიც არ საბუთდებოდა მისი შემოსავლით. საუბარი ასევე იყო სავარაუდო ფულის გათეთრებაზე, მამამისის კომპანიის გამოყენებით. რა თქმა უნდა, ასევე ქონების უკანონო დაგროვებასა და აუხსნელი შემოსავლებზე. გამოძიებამ რატომღაც მხოლოდ მცირე ნაწილს მიაქცია ყურადღება. სინამდვილეში კორუფციასთან ბრძოლა არ არის და ეს არის ერთგვარი დასჯა გუნდის ყოფილი წევრის. ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ინტერესდება გამოძიება ყველა იმ კორუფციული შემთხვევებით, რაც წლების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო იყო”, – აცხადებს სანდრო ქევხიშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი “ოცნების” უკვე მეორე პრემიერია, რომელსაც პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა ჯერჯერობით ერთადერთი, რომელიც ციხეშია, რადგან გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. ღარიბაშვილთან ერთად პატიმრობაში რჩებიან მისი მინისტრთა კაბინეტის წევრებიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თუმცა მისგან განსხვავებით ისინი ბრალს არ აღიარებენ და ჯერჯერობით არც საპროცესო გაფორმებიათ.
ღარიბაშვილის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელსაც. ჩხრეკა ჩატარდა ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტის კიდევ ერთი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის სახლშიც. ეს კორუფციის წინააღმდეგ საჯაროდ გაცხადებული ბრძოლის ნახევარი წლის შედეგია, გააგრძელებს თუ არა ამ პროცესს კობახიძის გუნდი ეს გამოჩნდება, თუმცა ღარიბაშვილი ნამდვილად პირველი პრემიერია, რომელიც “ქართულ ოცნებას” ღიად არ დაპირისპირებია, მაგრამ ციხეში მაინც აღმოჩნდა.




