პატიმრების კვების ტენდერი შეწყდა – უწყების მტკიცებით, პროდუქტი გაიაფდა და ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ნაკლები თანხა უნდა მოითხოვონ პატიმრების დღიური კვებისთვის

პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების კვების ტენდერი შეწყვიტა. უწყების მტკიცებით, პროდუქტი გაიაფდა და ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ნაკლები თანხა უნდა მოითხოვონ პატიმრების დღიური კვებისთვის.

პატიმრების კვების შესყიდვა ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ოქმში, რომელიც ტენდერის შეწყვეტის დროს შედგა აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიამ პენიტენციურ სამსახურს 7 მილიონით ნაკლები შესთავაზა, აღმოაჩინეს, რომ ბაზარზე პროდუქტების ფასები შემცირდა.

  • ცნობისთვის, ბოლო დოკუმენტაციის მიხედვით, პატიმარზე დღიურად, სამჯერადი კვებისთვის 14 ლარი იყო გათვლილი.

პენიტენციური სამსახური ახლა ბაზრის კვლევას იწყებს, რომ დაადგინოს რამდენად შემცირდა სურსათზე ფასი და შესაბამისად ახალი შესყიდვა, ახალი ფასით გამოაცხადოს.

კორუფციის მკვლევარების განმარტებით, ბაზარზე საკვები პროდუქტების ფასის კლება ჯერ დაფიქსირებული არ არის, შესაბამისად პენიტენციური სამსახურის მსგავსი გადაწყვეტილებით პატიმრები კიდევ უფრო ცუდ საკვებს მიიღებენ.

ამ ტენდერში მონაწილეობდა ის კომპანია, რომელიც ახლა ამარაგებს, ამ წუთას პენიტენციურ სისტემას საკვები პროდუქტებით და მიზეზი შეწყვეტის იყო ის, რომ კომპანიამ დააკლო 7 მილიონი, შესაბამისად ბაზარზე შეიცვალა სიტუაცია და ამიტომ თავიდან უნდა გამოვაცხადოთ ტენდერი. ცოტა აბსურდული მიზეზია შეწყვეტის გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე საკვები პროდუქტების ფასის კლება ჯერ დაფიქსირებული არ არის, მივიღებთ იმას, რომ ბაზარზე არსებული საკვები პროდუქტების ფასები შეუსაბამო იქნება ტენდერში არსებულ ფასებზე და ამიტომ კვლავ მოუწევთ პატიმრებს ცუდი საკვების მიღება, ან პატარა ულუფის მიღება. ყოველ შემთხვევაში ხარისხი გაუარესდება. 14 ლარად ხომ ზუსტად იცის, რომ  სამჯერადად ვერ გამოკვებავ პატიმარს, ამიტომ სამჯერადად რომ კვება გამოვიდეს და პენიტენციურიც კმაყოფილი იყოს, ფურცელზე გასწორდეს ეს ყველაფერი, ამიტომ, რა თქმა უნდა, სხვა გზა არ ექნება, რომ ხარისხი უნდა გააუარესოს,” – ამბობს ბესიკ დონაძე. 

წყარო