მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის დედა, სოფო ძნელაძე, რომელიც მესამე დღეა პროკურატურასთან პროტესტის ნიშნად შიმშილობს, აქციას აანონსებს.
როგორც ძნელაძე სოციალურ ქსელში წერს, აქციაზე უნდა მივიდეს ყველა, რათა ხვალ სხვა დედებსაც ცოცხლად არ მოუკლან შვილი, ისევე როგორც მა უკლავენ.
მე აქ ვდგავარ, შიმშილით, სიცივით, მაგრამ სიმართლით. ვიდგები ბოლომდე, სიკვდილამდე, – წერს ძნელაძე.
“დღეს ნათლისღებაა. მესამე დღეა ვშიმშილობ ამ ყინვაში, თოვლში, საქართველოს პროკურატურასთან – რადგან ვარლამ არავიძეებმა სხვა გზა აღარ დამიტოვეს!!!უფალო, შენ ხომ იცი დედის ცრემლის ფასი. შენ ხომ იცი, რომ დედა ტყუილად არ შიმშილობს. შენ ხომ იცი, რომ დემეტრეს არ ჩაუდენია დანაშაული და მის მხრებზე არაა გიგა ავალიანის ცოდვა!!! შენ ხომ იცი, რომ სამართალს ვითხოვ!!! იმ სამართალს, რომელიც ჩარაზეს პროკურატურის შენობაში და უსამართლობა აპარპაშეს გარეთ!!!
სიმართლისთვის ადამიანი არ უნდა შიმშილობდეს, სამართალი არ უნდა იყინებოდეს. ხვალ 16:00 სააათზე გელოდებით ყველას, მეგობარსა და არა მეგობარს, ნაცნობსა და არა ნაცნობს, გელოდებით არა ჩემთვის, მოდით იმისთვის, რომ ხვალ სხვა დედას იგივე არ მოუწიოს, ხვალ სხვა დედას შვილი ცოცხლად არ მოუკლან, როგორც მე მიკლავენ დღეს!!!!. მე აქ ვდგავარ, შიმშილით, სიცივით, მაგრამ სიმართლით. ვიდგები ბოლომდე, სიკვდილამდე, დედის სხეული სუსტდება, მაგრამ მისი ვედრება უფრო ძლიერია, ვიდრე შენი პროკურატურის კედლები ვარლამ ( გიორგი გვარაკიძევ).ძალაზე მაღლა სინდისია, ხოლო უკანონობაზე მაღლა – სიმართლე!!!!
სიმართლე უნდა იყოს ძალა და არა ძალა იყოს სიმართლე !!!, – წერს სოფო ძნელაძე.
დემეტრე ჩიქოვანს ბრალი რამდენიმე დღის წინ, 14 იანვარს დაუმძიმეს. აქამდე მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფოტო “რადიო თავისუფლება “




