უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ბოლნისში. 17 წლის გოგონა, ნინი მამარდაშვილი რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა. გარდაცვლილი ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენი, კარატისტი იყო.
გლოვაა ბოლნისში, სადაც ყველა იცნობდა ამ საყვარელ გოგონას, რომელმაც უზარმაზარი სიყვარული დატოვა. როგორც შევიტყვეთ, გოგონა მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ხეს შეეჯახა, სამწუხაროდ ადგილზე დაიღუპა. ნინი კერძო სკოლა “დავითაინის” მე-12 კლასის წარმატებული მოსწავლე იყო. სამწუხაროდ ბევრი განუხორციელები ოცნება დარჩა და ყველა განიცდის ამ დიდი მომავლის მქონე გოგონას გარდაცვალებას.
“ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ისე განვიცდი მომხდარს. ნინი ჩემი მოსწავლე კი არა, შვილი იყო. ისეთი ურთიერთობა გვქონდა. რა უნდა გითხრათ, საოცარი, სიცოცხლით სავსე გოგონა არ გვყავს, სპორტსმენი ბავშვი, არაჩვეულებრივი გოგონა, ძალიან დიდი მომავლის. საქართველო ასახელა თავისი სპორტული წარმატებებით. ეს თავზარდამცემი ამბავი გუშინ მოხდა. ისეთ ადგილზე მოუვიდა ეს ამბავი, რომ წარმოუდგენელია. იქ საერთოდ არანაირი ტრანსპორტიც კი არ დადის. ხეს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. ხვალ დაბადების დღე აქვს და ამ ბავშვის საშინელმა ამბავმა გაგვანადგურა. უნიჭიერესი გოგონა იყო, სულ ვეუბნებოდი, არ მოდუნდე-მეთქი, თავისუფლად გადიოდა სკოლაშიც ოქროს მედალზე. ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე იყო. შოკში ვართ ყველანი. ჩვენი მოუშუშებელი იარაა, ვერ ვიჯერებ, ჯერ კიდევ სიზმარში ვართ.
ბოლნისიდან მოშორებით, სოფელში დატრიალდა ეს დიდი ტრაგედია. როგორც მითხრეს, იმ ადგილას სწავლობენ მოტოციკლის ტარებას ახალგაზრდები. იქ ტრანსპორტიც კი არ დადის, ერთი ხე გახდა ამ დიდი ტრაგედიის მიზეზი, შეეჯახა ხეს და ბავშვი გადააგდო მოტოდან, ადგილზეა გარდაცვლილი. ეს იყო სასწაული, შესაძლოა ვერ დაიმორჩილა საჭე, იმიტომ, რომ არ უტარებია მოტო, ახლა სწავლობდა, იქ ისეთი ადგილია, ძირითადად თურმე სწავლობდნენ ტარებას, იმიტომ რომ ქალაქში აკრძალულია. ეტყობა იმ სოფელში იმიტომ გადავიდა, ცარიელი ტრასა რომ არის, სოფლის გზაა, შესაძლოა უმტყუნა მოტომაც, ან სისწრაფე ჰქონდა განვითარებული, არ ვიცი ზუსტად რა გახდა მიზეზი, რა გითხრათ, ეს თავზარდამცემი ამბავი მოხდა.
ჩვენი კერძო სკოლა, პატარა სკოლაა და ერთი ოჯახივით ვართ. საშინელ დღეშია ყველა, განიცდიან მისი კლასელები. საოცარი გულის გოგონა იყო ჩვენი ნინი. შარშან ისე განიცადა თავისი მეგობრის დედა რომ დაიღუპა და გულთან მიიტანა მისი ამბავი. სხვანაირი ურთიერთობებია ჩვენთან. სულ 150 ბავშვია. ფაქტობრივად კალთაში გავზარდე ნინი, ახლაც ვიხსენებდი, რომ შემოაბიჯებდა ოთახში, მეტყოდა, მოვალ რა შენთანო და ჩავიხუტებდი გულში. მე მათი მესაიდუმლე და მეგობარი ვარ. მოდი, მოდი ვეტყოდი და ჩავიხუტებდი. თუ რაიმე ისეთი პრობლემა ჰქონდა, ყოველთვის ერთად ვიყავით და ყოველთვის მე მიზიარებდა. ძალიან დიდი მიზნები ჰქონდა… მიზნები კი არა მიღწეული ჰქონდა ფაქტობრივად, ჩემპიონი იყო უკვე, თვითონაც ავარჯიშებდა ბავშვებს, უკვე თავისი მოსწავლეებიც კი ჰყავდა. მისი მწვრთნელები ისეთ დღეში არიან, ყველა ისე განიცდის. უბრალოდ ენითაუღწერილი ბავშვია, ამას როგორ წარმოვიდგენდით, რომ ნინიზე წარსულში მოგვიწევდა საუბარი. ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ აზრზე, ცალკე ვდარდობ მის თანაკლასელებზე, მეგობრებზე, იმიტომ პატარა კლასია და დღე და ღამე ერთად ვიყავით ყველანი. ხშირად საზღვარგარეთ გავდიოდით. ბოლო წასვლა იყო ერევანში, შარშან ვიყავით და იმდენი სურათი გადამიღია, თითქოს გული მიგრძნობდა. თოჯინასავით ხან ასე მივატრიალე, ხან ისე. არ ვიცი რა გითხრათ. ძალიან მძიმეა ჩემთვის, 40 წუთის მომხდარი იყო ეს ამბავი, რომ შევიტყვე, მე თბილისში ვიყავი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს გვერდით იდგა შეშინებული ნინი და ჩემი გონებით ვაწყნარებდი, ნი, ნუ გეშინია, მალე უფალთან იქნები -მეთქი. მერე შეუძახე თავს, ხო არ ვგიჟდები -თქო. ძალიან დიდი ტკივილია.
იმ სოფელში მყოფმა ადამიანმა რომელიც ნახა ეს ტრაგედია, შეატყობინა ეს ამბავი სხვებს. ჩვენები კი ავარდნენ მაშინვე, ნინის კლასის დამრიგებელი პირველები მივიდნენ ტრაგედიის ადგილას. ახალი მომხდარი იყო. საოცრად კარგი მშობლები ჰყავს ნინის. ხუთი შვილი გაზარდეს, ყველა ჩემი გაზრდილები არიან. ვიზიარებ მათ დიდ მწუხარებას. ისე ვარ განადგურებული ამ ამბით, სხვა დეტალები არ ვიცი. ძალიან მიზანსწრაფული, საოცრად პატიოსანი, კარატისტი ბავშვი იყო. მან საქართველო ასახელა. უკვე იმხელა კვალი დატოვა, ისეთი შრომისმოყვარე იყო, ისე უყვარდა თავისი საქმე, რომ ეხმარებოდა თავის მწვრთნელებს და ზრდიდნენ პატარა თაობას. ნინის უკვე დამთავრებული აქვს კარატეს სკოლა, საქართველოს ნაკრებშიც იყო. როცა ჩემპიონი გახდა, მაშინ არავის გაუშუქებია მისი წარმატებები და სამწუხაროა, რომ ახლა ამ ტრაგედიის შემდეგ გაიცნო ჩვენი საყვარელი ნინი მთელმა ქვეყანამ, თითქმის ყველამ გააშუქა ეს ამბავი. ძალიან ძნელია ამ რეალობასთან შეგუება, დიდი ტრაგედიაა და ვუსამძიმრებ ყველას.
სად იყო პრესა, ბოლნისელები, საქართველო მაშინ, როცა ნინია უამრავი გამარჯვებით გვასახელებდა?! სად?! მაშინ რატომ არ წერდით სტატიებს და ბედნიერ კომენტარებს???!!! ნინია იმსახურებდა სიცოცხლეში დიდ აღიარებას!.. სად გამიფრინდი ნინია, ჩემო თბილო და ტკბილო თოჯინა, რა უძლური ვარ! ჩემო განსაკუთრებულად მგრძნობიარე გოგო,ჩემო ანგელოზო, შეხვედრამდე” – აღნიშნავს სკოლის დირექტორი მარინა გორშკოვა ჩვენთან საუბრისას.
სოციალური ქსელიც აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით:
“ენით აღუწერელი ტკივილია ნინი მამარდაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება. რთულია სიტყვების მოძებნა, როდესაც ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე და ნიჭიერი გოგონას სიცოცხლე ასე მოულოდნელად წყდება. ნინი იყო არა მხოლოდ წარმატებული სპორტსმენი და საქართველოს ნაკრების იმედი, არამედ გამორჩეული პიროვნება, რომელმაც ბოლო წუთამდე თავისი შრომითა და შემართებით გვაამაყა. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, სკოლა „დავითიანს“ და მთელ სპორტულ სამყაროს. ნინის ხსოვნა და მისი ღიმილიანი სახე მუდამ დარჩება ჩვენს გულებში. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული” – წერს დავით შერაზადაშვილი.
“გპირდები ყველა მოგებულ მედალს შენ მოგიძღვნი ჩემო გიჟო გოგო,…როგორ დავიჯერო რომ აღარ მყავხარ?! დავიპყრობ მწვერვალებს და შენ მოგიძღვნი. როგორ გვინდოდა მსოფლიოს და ევროპის მოგება ერთად. რატომ, რატო წახვედი? მიყვარხარ!!!”- ასე ემოციურად ემშვიდობება მეგობარი გოგონა ნინის.
“არ ვიცი როგორ დატრიალდა ეს დიდი ტრაგედია. ამბობენ მოტოციკლს მართავდა ნინი და ამ დროს მოხდა ეს დიდი უბედურება. ადგილზევე დაიღუპა. მთელი ბოლნისი გლოვობს, უკარგესი გოგონა იყო. ძალიან ძნელია რაიმე სანუგეშო უთხრა ასეთ დროს ოჯახს. ბოლნისში ცხოვრობს მისი ოჯახი. სამძიმარზე მისვლა ისე მიმძიმს, რა უნდა ვუთხრა მის დედას, მამას. ნინი დავკარგეთ. მშობლებს როგორ უნდა შევხედოთ თვალებში და როგორ მივუსამძიმრო, არ ვიცი” – ამბობს ჩვენთან კიდევ ერთი ახლობელი.
News.ge სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული 17 წლის გოგონას, ნინი მამარდაშვილის ოჯახს, სკოლას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ასე ძალიან ეტკინა მისი გარდაცვალება. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.




