„ეს პროექტი [არაბული ქალაქები] შეიძლება იმიტომაც სჭირდება „ოცნებას“, რომ სტაგნაციისკენ მიმავალი ეკონომიკა გამოაცოცხლოს და თავის მომხრეებს, ბიზნესმენებს და, ზოგადად. საზოგადოებას ილუზია შეუქმნას, რომ რაღაც კეთდება და რაღაცას მუშაობს… კობახიძე ასევე ცდილობს, რაღაცნაირად, რამენაირი ფული შემოიტანოს ქვეყანაში, რომ პრობლემები, რაც მისი ქმედებებით გროვდება, გადააგოროს,“ – ამბობს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია ე.წ. არაბული ქალაქების პროექტზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, „10 წლის მანძილზე, წლიურ ჭრილში შეემატება 700 მლნ ლარი ქვეყნის ბიუჯეტს“. „ოცნების“ პრემიერი აბუ-დაბიში შეხვდა „Eagle Hills“-ის დამფუძნებელს.
რამდენად რეალურია ციფრები, რასაც ირაკლი კობახიძე ასახელებს? – „ბათუმელებმა“ ფინანსისტთან და მენეჯერთან, ნიკოლოზ შურღაიასთან ინტერვიუ ჩაწერა:
- ბატონო ნიკოლოზ, ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, მას აბუ-დაბიში ჰქონდა შეხვედრები. მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა, ასევე „Eagle Hills“-ის დამფუძნებელს. ეს ის კომპანიაა, რომელიც საქართველოში ე.წ. „არაბულ ქალაქებს“ აშენებს. რას ნიშნავს ეს ამბავი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად?
ამ საკითხზე დიდი ხანია საუბრობენ. ჩანს, რომ ჩვენს დე-ფაქტო ხელისუფლებას ძალიან სურს ამ პროექტის განხორციელება ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩანს ისიც, რომ მათ სურთ ძლიერი პოლიტიკური ძაფები გააბან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და შესაძლოა გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვონ – ერთგვარი ლობირება, ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამიტომაც, გაუხსნეს გზა ამ ქვეყანაში ვიზის მქონე ძალიან ბევრი ღარიბი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოში შემოსასვლელად: თუ გაქვს გაერთიანებული საამიროების ვიზა, შეგიძლია, საქართველოში შემოხვიდე…
ასევე, ამ ქვეყნიდან მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის ექსტრადიცია.
დავოსს რაც შეეხება, მნიშვნელოვანი ფორუმია, თუმცა პირველი შემთხვევა არ არის, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას. ეს მაინც კერძო ეკონომიკური ფორუმია და გასაგებია, რომ ყურადღების მიღმაა საქართველო. მოწამვლის ფონზე, რაც საქართველოში მოხდა და BBC-ის თანახმად, ან თუნდაც აი, ამ პროექტის ფონზე, რაზეც თქვენ მეკითხებით – არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან დაკავშირებით, ამ ყველაფერთან შედარებით, არაფერი ამბავი არაა.
მთავრობის გვერდზე ოფიციალურად წერენ, 11 მილიარდი ლარი შემოედინება ქვეყანაში წლის განმავლობაშიო, რაც სისულელეს ჰგავს. ჯერჯერობით, ამის არავითარი ნიშანი არ არის. „Eagle Hills“-ის გაყიდვების ოფისი ცდილობს, რომ გაყიდოს უძრავი ქონება აქედან, როცა მიწაც კი, არ ეკუთვნის მათ ამ ეტაპზე. ეს ძალიან სკანდალური გაყიდვაა და მე რომ მყიდველი ვიყო, ათჯერ დავფიქრდებოდი ყველა სხვა ფაქტორთან ერთად: ეს ხალხი როგორ შემისრულებს პირობას?
მთავრობა ასევე იტყობინება, რომ 700 მილიონი ლარი იქნება 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ბიუჯეტის ეფექტიო და ამ დროს წლევანდელ სახელმწიფო ბიუჯეტში არცერთი ლარი არ არის ასახული.

ნიკოლოზ შურღაია
- საიდან უნდა შემოვიდეს ბიუჯეტში ყოველწლიურად 700 მლნ ლარი თუნდაც იმ დაშვებით, რომ ვთქვათ აშენდა ე.წ. არაბული ქალაქები?
დე-ფაქტო ხელისუფლება სერიოზულად ცრუობს. მაგალითად, აი, კონკრეტული სიცრუის ფაქტი: როდესაც გაყიდვების ოფისი გაიხსნა, ეს იყო გასული წლის ოქტომბრის შუა რიცხვები, ბატონმა კობახიძემ ოფისის გახსნაზე განაცხადა, 1 მილიონი კვადრატული მეტრი აშენდებაო. ამის გამო ჩვენ გავაკრიტიკეთ, რომ 1 მილიონი კვადრატული მეტრით არაფრით არ გამოდის 6.6 მილიარდი ინვესტიცია ეკონომიკურად. ნოემბრის დასაწყისში გადაიღო კობახიძემ ძალიან გაპრიალებული ვიდეო და იქ უკვე ამბობს, რომ 2.4 მილიონს ავაშენებთო. ის წინა მილიონს, ანუ საკუთარ განცხადებას ისე უარყოფს, ვითომ ვინმე სხვამ დააბრალა. ამიტომაც, ახლა ის რას ამბობს, მაგის ლოგიკურ დასაბუთებას ძებნას ვერ დავუწყებ, ანუ რაღაცებს აბრეხვებს და ამის ახსნა შეუძლებელია – არ ჩანს ციფრებით, რა იქნება ეს სარგებელი.
თანაც, კობახიძე ამბობს, პროექტი ყოველგვარი ნეგატიური ეფექტის გარეშე იქნებაო. ამ დროს მრავალი განზომილებით იქნება ნეგატიური ეფექტები. პირველ რიგში: სახელმწიფო ქონების განკარგვის გამჭვირვალობა. მეორეა – ეკონომიკურად დაუსაბუთებლად ამის გაკეთება. შემდეგი – შესაძლო დემოგრაფიული საკითხი მრავალრიცხოვანი უცხოელების ჩამოსახლებიდან გამომდინარე…
ვიღაცისთვის შეიძლება ეს სასურველი იყოს და უცხოელების მრავალრიცხოვან ჩამოსახლებას ქსენოფობიას სახელს არქმევდეს, მაგრამ, ფაქტია, რომ დაწოლა ექნება ინფრასტრუქტურაზე, ჯანდაცვის სისტემაზე, პოლიციაზე, უსაფრთხოების საკითხი წარმოიქმნება.
შესაბამისად, განცხადება, რომ ამ პროექტს ნეგატიური ეფექტი არ აქვს, სიცრუეა და უპასუხისმგებლობა.
ასევე, იქ არის ეკოლოგიური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი: კრწანისი-რუსთავის ფილტვებია, თბილისისთვისაც მნიშვნელოვანი ადგილია მტკვრის ჭალა. ამ ტყეპარკში საბჭოთა რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლთა საფლავები იყო და ის საკითხი არის სრულიად შეუსწავლელი.
ამას გარდა, საუბარია შავ ფულზე და საეჭვო ფულის მოძრაობაზე, რომელიც დამაზიანებელია საქართველოს რეპუტაციისთვის. ამიტომაც, 700 მილიონი ლარი 10 წელიწადში, არის სიცრუე, ან უპასუხისმგებლობა, ან ორივე ერთად.
რაც შეეხება თანხების რეალურობას, ბუნებრივია, თანხის შემოდინება როცა ხდება, მას გარკვეული ეფექტი აქვს, მაგრამ ვისზე აქვს – ეს მნიშვნელოვან შესწავლას მოითხოვს. სავარაუდოდ, მათ ჯიბეს რაღაც დადებითად შეეხება. მათ ეკუთვნით ცემენტის ქარხნები, ლიცენზიები ინერტული მასალების მოპოვების და ასე შემდეგ. ამიტომაც, ის ციფრები, რაზეც კობახიძე საუბრობს, არარეალისტურად გამოიყურება და გაზვიადებულად, მეორე მხრივ – სერიოზული საფრთხეებია და ძალიან რეალური, კორუფციის ნიშნები უკვე ჩანს.
- „ოცნების“ განცხადებით, 6,6 მლრდ დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი, ამჯერად კი, ირაკლი კობახიძემ დაასახელა 11 მილიარდი ლარი. ეს როგორ უნდა გავიგოთ?
ციფრები ერთმანეთს არ ემთხვევა. მე უკვე მოგიყვანეთ კონკრეტული მაგალითი, როცა არ ემთხვევა ციფრები ერთმანეთს. ამიტომაც, ეს სიცრუეს და უპასუხისმგებლობას ჰგავს. ამავე დროს, რისკები სავსებით რეალურია. ნამახვანში ვნახეთ, როგორ აფორმებენ ხელშეკრულებას, შემდეგ პროექტი არ დამთავრდება, საქართველოს ჯარიმები ეკისრება და ღმერთმა უწყის, ვინ იღებს იმ ჯარიმებიდან სარგებელს.
- „არაბული ქალაქების“ შემთხვევაშიც უშვებთ, როცა პროექტი რეალურად შეიძლება არ განხორციელდეს და ეს პროექტი „ოცნებას“ კორუფციული სქემისთვის სჭირდებოდეს?
აშკარაა, რომ ქვეყნის მიწა გადასცეს, გადაცემას აპირებენ. ამიტომაც, არაფერი არ იქნება და ბლეფია – ასეთ რაღაცებს მე თავს მოვარიდებდი. ისინი ნამდვილად ცდილობენ რაღაცის გაკეთებას. საკუთარი ინტერესი რომ არ ავიწყდებათ, ესეც ჩანს.
ციფრები ერთმანეთს რომ არ ემთხვევა, ესეც ჩანს.
- ირაკლი კობახიძე ამბობს: ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იყო 9.3 პროცენტი და ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში… ეს არის იმ ეკონომიკური რეფორმების შედეგი, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდებაო.
ეს პროექტი [არაბული ქალაქები] შეიძლება იმიტომაც სჭირდება, რომ სტაგნაციისკენ მიმავალი ეკონომიკა გამოაცოცხლოს და თავის მომხრეებს, ბიზნესმენებს და, ზოგადად, საზოგადოებას ილუზია შეუქმნას, რაღაც კეთდება და რაღაცას მუშაობს.
კობახიძე ასევე ცდილობს, რაღაცნაირად ფული შემოიტანოს ქვეყანაში, რომ რაღაც მოძრაობდეს, პრობლემები, რაც მისი ქმედებებით გროვდება, გადააგოროს. არავითარი რეფორმები მათ არ გაუკეთებიათ და ასეთ განცხადებას აკეთებს – „გაკეთებული რეფორმებით“, რა რეფორმები გააკეთა?
ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 800 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა საქართველოდან საცხოვრებლად. ანუ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. და თუ ასე კარგად არის ყველაფერი, ამდენი ადამიანი რატომ გადის საქართველოდან გარეთ? საქართველოს მოსახლეობის 30 % უმუშევარია.
როგორ ძლიერ ეკონომიკურ ზრდაზე და ხალხის სარგებელზეა საუბარი, ამას ჩვენ ვგრძნობთ თითოეული.




