“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება.
ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კობახიძე დავოსის ფორუმზე წელსაც არ მიუწვევიათ.
საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ბოლო მონაწილეობა 2024 წელს იყო. პრემიერის პოსტის დატოვებამდე ერთი თვით ადრე, დავოსში ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა.
დავოსის ფორუმზე დასწრება უკვე დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 56-ე ყოველწლიური შეხვედრა დავოსში წელს, 19-23 იანვარს გაიმართება და მთელი მსოფლიოდან მთავრობების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან ლიდერებს გააერთიანებს. წლევანდელი შეხვედრის თემაა “დიალოგის სული” (A Spirit of Dialogue).




