ბოლშევიკებისგან დახოცილი ქართველი მღვდელმსახურნი
1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ნოე ჟორდანიასა და ექვთიმე თაყაიშვილის მოწოდებების მიუხედავად, პატრიარქმა ლეონიდემ უარი განაცხადა თბილისის სიონისა და მცხეთის სცეტიცხოვლის საგანძურის ემიგრაციაში წაღებაზე.
საგანძურის დასავლეთ საქართველოში დამარხვა მიტროპოლიტ ნაზარს დაევალა. ნაზარმა განძეულობა ქუთაისში გახიზნა და დამარხა ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე სამიტროპოლიტო რეზიდენციის ეზოში.
ბოლშევიკებმა განძს ერთ-ერთი სასულიერო პირის მითითებით მიაგნეს, ნაზარი დააპატიმრეს და 1924 წლის მარტში მიუსაჯა პატიმრობა და პირადი ქონების კონფისკაცია. 1924 წლის აპრილში ამინისტიის საფუძველზე გათავისუფლებული ნაზარი სამწყსოს დაუბრუნდა, მაგრამ იგი კვლავ დაატუსაღეს 1924 წლის 2 აგვისტოს.
რამდენიმე კვირიანი დაკითხვისა და პატიმრობის შემდეგ, მიტროპოლიტი ნაზარი და მისი თანმხლები სასულიერო პირები (დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე და დიაკონი ბესარიონ კუხიანიძე) ქუთაისის მახლობლად, საფიჩხიას ტყეში დახვრიტეს იმავე წლის 1 სექტემბერს.
1995 წელს საქართველოს საეკლესიო კრებამ მოახდინა მიტროპოლიტ ნაზარისა და მასთან ერთად მოკლულ სასულიერო პირთა კანონიზირება, ხსენება დაწესდა ახალი სტილით 27 აგვისტოს.
სურათზე: ფრესკა ბაღდათის საკათედრო ტაძარში, ქართველი წმინდანთა გამოსახულებით, რომლებიც რუსეთის იმპერიასთან ბრძოლას შეეწირნენ – მამა ანდრია ყურაშვილი, წმ. ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი), წმ. დიმიტრი (ყიფიანი), წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე), წმ. მეფე სოლომონ მეორე, წმ. ანტონ მეორე კათოლიკოსი, წმ. კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი, წმ. კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი, წმ. ნაზარი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, წმ. დოსითეოზ ქუთათელი მიტროპოლიტი, წმ. მიტროპოლიტი ექვთიმე გაენათელი




