ძალადობა, ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი, იქნება ეს მომიტინგეების მხრიდან თუ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, არის დაუშვებელი, – ასე პასუხობს “ხალხის ძალის” წევრი ეკა სეფაშვილი ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვას. სეფაშვილი არ აკონკრეტებს, ვინ არის ამ შემთხვევაში “მეორე მხარე”.
ძალადობა, ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი, იქნება ეს მომიტინგეების მხრიდან თუ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გამოვლენილი, არის დაუშვებელი. მე ძალიან ვწუხვარ ირანელი ხალხის გამო და იმედს გამოვთქვამ, რომ ირანელი ხალხის ნების შესაბამისად გადაწყდება მათი ქვეყნის მომავალი.
ვერ ვისაუბრებ ირანელი ხალხის მაგივრად. ირანში, დარწმუნებული ვარ, რომ არიან როგორც ხელისუფლების მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. ვგმობ ნებისმიერი ტიპის ძალადობას რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს განხორციელებული. მე არა მაქვს დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა და როგორ მიმდინარეობს [ირანში], – ამბობს სეფაშვილი.
ირანში 28 დეკემბრიდან გრძელდება მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი, რომელიც მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა, ინფლაციამ და ხელისუფლების რეპრესიებმა გამოიწვია. აქციებს თან ახლავს ძალადობრივი ჩახშობა, ინტერნეტის ბლოკირება და ათასობით ადამიანის დაკავება. საერთაშორისო მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ათიათასებს აღწევს, მაშინ როცა ირანის ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაბალ მაჩვენებლებს ასახელებს და ძალადობაში „ტერორისტულ ჯგუფებს“ ადანაშაულებს.
პროტესტების ფონზე თეირანი საგარეო საფრთხეებზეც საუბრობს და აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ რეგიონულ ქვეყნებს მკაცრი გაფრთხილებებით მიმართავს.




