12 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს რუსეთის სამხედროების მიერ ლვოვის ოლქის წინააღმდეგ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკის“ გამოყენებას გასულ კვირაში. სხდომა კიევის მოთხოვნით მოიწვიეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ „ორეშნიკის“ გამოყენება, რომელსაც ბირთვული ქობინების ტარება შეუძლია, ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ შეაფასა.
ორშაბათს, ხორვატიაში ვიზიტის დროს, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ „ორეშნიკის“ დარტყმა, ისევე, როგორც უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, მოსკოვის მხრიდან არის ნატოს ქვეყნებისთვის გაგზავნილი სიგნალი, რომლის მიზანია, უარი ათქმევინოს მათ უკრაინის მხარდაჭერაზე. „მაგრამ ჩვენ უარს არ ვიტყვით“, ხაზგასმით აღნიშნა რიუტემ და თქვა, რომ „უკრაინა უზარმაზარ ზეწოლას განიცდის მკაცრ ზამთარში“ და რომ მოკავშირეთა მხარდაჭერა ახლა „უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“.
ლვოვზე დარტყმა ომის მსვლელობისას „ორეშნიკის“ გამოყენების მეორე შემთხვევაა. რაკეტას ჰიპერბგერითი სიჩქარის განვითარება შეუძლია, რის გამოც საჰაერო თავდაცვისთვის ერთობ რთულია მისი მოგერიება. ამჯერად, დნეპრზე წინა დარტყმის მსგავსად, არავინ დაღუპულა, მაგრამ ხელისუფლებამ აღიარა, რომ სამიზნეს ზიანი მიადგა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ 8-9 იანვრის ღამეს „ორეშნიკის“ სისტემის გამოყენებით მასშტაბურმა დარტყმამ „მწყობრიდან გამოიყვანა“ ლვოვის სახელმწიფო საავიაციო-სარემონტო ქარხანა, რომელიც, სავარაუდოდ, თვითმფრინავებს არემონტებდა და მოიერიშე დრონებს აწარმოებდა. ადრე Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ დარტყმა განხორციელდა ქარხანაზე და არა გაზის საცავზე, როგორც ამას ადრე წერდნენ ომის მომხრე პუბლიკაციები.




