თეონა აქუბარდია – დაუშვებელია რუსეთის ანექსიურ პროცესზე საქართველოს პარლამენტის დუმილი – მოვუწოდებ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელს სხდომა დაუყოვნებლივ მოიწვიოს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ანექსიურ პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვას და ამ მიზნით პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის დროებითი კომისიის სხდომის მოწვევას ითხოვს.
აქუბარდიას ინფორმაციით, საპარლამენტო კომისია ბოლო ერთი წელია არ შეკრებილა, რაც დაუშვებელი ფაქტია იმ ფონზე, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ანექსია გაძლიერებულად მიმდინარეობს.
„აფხაზური საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, გასული წლის ბოლოს რუსეთს ბიჭვინთის აგარაკები სრულიად უკანონოდ გადაეცა, იგეგმება ე.წ აპარტჰოტელების მშენებლობა (მრავალბინიანი საცხოვრებელი 60-100 ათასამდე რუსეთის ფედერაციის მოქალაქისთვის), მიმდინარეობს სამუშაოები ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის განთავსების მიზნით, სოხუმის აეროპორტი კრემლთან დაახლოებულ პირებს გადაეცა. უმნიშვნელოვანესია ამ ყველაფერს საქართველოს პარლამენტის მხრიდან პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს. 2014 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში რუსეთის ანექსიური პოლიტიკას პარლამენტი ადეკვატურ შეფასებას აძლევდა. დღეს კი, „ქართული ოცნების“ ლიდერები ბიჭვინთის უკანონო გადაცემას ოკუპაციის და არა ანექსიის გაგრძელებად აფასებენ და უარს ამბობენ ოპოზიციის მიერ ინიციირებული შესაბამისი რეზოლუციების განხილვაზეც კი. გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხი მთავარი ეროვნული ინტერესია, მოვუწოდებ ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელს ს დაუყოვნებლივ მოიწვიოს დროებითი კომისიის სხდომა, რათა ერთობლივად ვიმსჯელოთ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ანექსიურ პროცესებზე და შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე, მათ შორის, პარლამენტის მიერ შესაბამისი რეზოლუციის მიღების საკითხზე. დაუშვებელია რუსეთის ანექსიურ პროცესზე საქართველოს პარლამენტის დუმილი, მით უფრო მაშინ, როცა აქამდე, „ქართული ოცნების“ პირობებში, პარლამენტში აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი რეზოლუციების მიღება კონსენსუსის გზით შესაძლებელი იყო”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.