მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს კომპენსაციის ასარჩევად ორკვირიანი ვადა მისცა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს ორი კვირა ექნება იმისთვის, რომ აირჩიონ კონკრეტული შეთავაზება/კომპენსაცია.
საქმე ის არის, რომ მთავრობა რესპუბლიკურის თავიდან აშენებას გეგმავს, რის გამოც კლინიკა მუშაობას აჩერებს.
„გუშინ [22 იანვარს] დაიწყო ოფიციალურად იურიდიულად შეთავაზების პროცესი. მათ დაახლოებით ორი კვირა ექნებათ იმისთვის, რომ კონკრეტული შეთავაზება აირჩიონ და მენეჯმენტს გააცნონ თავიანთი პოზიცია, თუ რომელი მიმართულებაა მათთვის ხელსაყრელი. შემდეგ დაიწყება შეთანხმებების იურიდიული პროცესი“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
როგორც bm.ge-ს კლინიკის თანამშრომელმა, ქირურგმა გიორგი კოპაძემ განუცხადა, პერსონალს გადაწყვეტილების მიღების ვადა 5-დან 15 თებერვლამდე აქვს.
„ოფიციალურად არის მოსული იურიდიული ბრძანება სამინისტროდან, იმისთვის, რომ 5-დან 15 თებერვლამდე კომპენსაციის რომელიმე შეთავაზებას უნდა დაეთანხმო, თუ არადა გიუქმებენ ხელშეკრულებას, შემდეგ ან სასამართლოს გზა არის, ან საერთოდ გიშვებენ“, – განაცხადა გიორგი კოპაძემ.
ცნობისთვის, კლინიკის თანამშრომლებს შემდეგი შეთავაზებები აქვთ:
· ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
· თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.
· სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
· სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

ასევე დაგაინტერესებთ