დამატკბობელ ასპარტამის მცირე დოზით მოხმარებასაც კი შეიძლება ჰქონდეს საგანგაშო ეფექტი ჯანმრთელობაზე – ახალი კვლევა
ხელოვნური დამატკბობელი ასპარტამი თითქმის ყველაფერში გვხვდება, საღეჭი რეზინებითა და გაზიანი სასმელებით დაწყებული, ნამცხვრებითა და ტკბილეულით დამთავრებული. თაგვებზე ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ამ შაქრის შემცვლელის დაბალ დოზასაც კი, გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს გულისა და თავის ტვინის ჯანმრთელობაზე.
ესპანეთის ბიომასალების კოოპერატიული კვლევების ცენტრის მეცნიერები მამრ თაგვებს საკვებში ერთი წლის განმავლობაში უმატებდნენ მცირე ოდენობის ასპარტამს. ეს დოზა, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში, ყოველ ორ კვირაში ერთხელ აძლევდნენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ადამიანისთვის ამჟამად დადგენილი მისაღები ყოვე დაახლოებით ერთი-მეექვსედის ეკვივალენტი იყო.
ამ თაგვებმა უფრო მეტი წონა დაკარგეს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფმა, ანუ მათ, რომლებსაც ასპარტამს არ აძლევდნენ; კვლევის დასასრულს, ჰქონდათ საშუალოდ 10-20 პროცენტით ნაკლები სხეულის ცხიმი. თუმცა, განუვითარდათ გულისა და თავის ტვინის დაქვეითების შემაშფოთებელი ნიშნები, რომლებიც შემდეგ კვლევებს საჭიროებს იმის დასადგენად, ხდება თუ არა ასეთი ეფექტები ადამიანებშიც.
„კვლევა აჩვენებს, რომ ხელოვნური დამატკბობლების გრძელვადიან ზემოქმედებას შეიძლება მავნე გავლენა ჰქონდეს ორგანოების ფუნქციაზე მცირე დოზებითაც კი, რაც მიუთითებს, რომ მოხმარების ამჟამინდელი სახელმძღვანელოები კრიტიკულად უნდა გადაიხედოს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ასპარტამის მომხმარებელი თაგვების გულებს შემცირებული ჰქონდათ ტუმბოს ეფექტიანობა, ასევე აღენიშნებოდა მცირე სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები. მკვლევართა განცხადებით, ეს მიუთითებს წარმადობის დაქვეითებაზე და გულის დატვირთვის მატებაზე.
იმ თაგვებში, რომლებიც ასპარტამს იღებდნენ, ასევე შეიცვალა გლუკოზის — ანუ ძირითადი საწვავის შეწოვა. თავიდან ის გაიზარდა, მაგრამ ექსპერიმენტის მიწურულს, ანუ წლის ბოლოს, მნიშვნელოვნად დაეცა. ამან შესაძლოა ტვინს წაართვას ენერგია, რომელიც მას სათანადო ფუნქციონირებისთვის სჭირდება.
ასპარტამმიღებულ თაგვებში ეს აისახებოდა იმაში, რომ უფრო უჭირდათ მეხსიერებისა და სწავლის ამოცანების შესრულება, რაც კოგნიტურ დაქვეითებაზე მიუთითებს. მაგალითად, თაგვები, რომლებიც ასპარტამს მოიხმარდნენ, უფრო ნელა მოძრაობდნენ და მეტი დრო სჭირდებოდათ ლაბირინთებიდან თავის დასაღწევად.
„შემაშფოთებელია, რომ გამოყენებული მსუბუქი რეჟიმი, რომელიც საკმაოდ დაბლაა ადამიანთათვის ნებადართულ მაქსიმალური მაჩვენებლის ეკვივალენტზე — ანუ, ეძლეოდათ ორ კვირაში მხოლოდ სამი დღით — ცვლის გულისა და ტვინის ფუნქციას და გულის სტრუქტურას“, — წერენ მკვლევრები.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი სხვა კვლევების კონტექსტში განვიხილოთ. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ კოგნიტური ცვლილებები შედარებით მსუბუქი იყო, ვიდრე წინა კვლევებში, რომლებშიც თაგვები უფრო მოკლე პერიოდით, მაგრამ ყოველდღე მოიხმარდნენ ასპარტამს.
„ვიდრე ასპარტამის ნევროლოგიურ შედეგებს უკეთესად შევისწავლით, ბავშვებმა და მოზარდებმა რაც შეიძლება უნდა შეიკავონ თავი მისი მოხმარებისგან, განსაკუთრებით რეგულარული მოხმარებისგან“, — წერენ მკვლევრები.
ამ საქმეში ბევრი ცვლადია — დოზირების დონე, კვლევის ხანგრძლივობა და დაკავშირებული რაციონი; თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შედეგები მიღებულია თაგვებში და არა ადამიანებში.
მიუხედავად ამისა, კვლევა კიდევ უფრო ადასტურებს, რომ ხელოვნური დამატკბობლები აუცილებლად ჯანსაღი ალტერნატივა არ არის.
სხვა კვლევებში უკვე ვნახეთ, რომ ხელოვნური დამატკბობლები დაკავშირებულია დემენციასთან, ცხიმიან არტერიებთან და ღვიძლის კიბოსთან დაკავშირებულ ცვლილებებთან — თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მკაფიო მტკიცებულება.
მიუხედავად იმისა, რომ ასპარტამი და სხვა მსგავსი პროდუქტები სიმსუქნისა და მეორე ტიპის დიაბეტის რისკს ამცირებენ, რადგან უზრუნველყოფენ სიტკბოს კალორიების გარეშე — რჩება კითხვა, რა რაოდენობით მოხმარებაა უსაფრთხო.
კვლევა Biomedicine & Pharmacotherapy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.
წყარო: პირველი არხი




