ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” იტალიის სუპერთასს ვერ შესწვდა, “ინტერთან” დრამატულად (0:1) დამარცხდა. ბოლო დროს ნეაპოლელთა მატჩებზე მსჯელობა ერთმანეთს ზედმეტად დაემსგავსა, პრობლემები მუდამ ანალოგიურად გამოიყურებოდა, ახლა კი განსხვავებული შეხვედრა ვნახეთ.
პირველ რიგში, ვალტერ მაცარის ბიჭებს ეტყობოდათ, რომ ჩემპიონები თამაშობდნენ, რასაც მთელი სეზონია, ვერ ვგრძნობთ. გუნდი შემართული იყო და ობიექტურად მასზე სოლიდური შემადგენლობით დაკომპლექტებულ (თანაც, ოსიმენისა და ანგისას არყოფნაში) საკუთარი ძლიერი მხარეების მოხვევასა და არაფრის დათმობას აპირებდა. რამაც საბოლოოდ ამ საქმეს, ყველაზე დიდი, ხელი შეუშალა, გაძევება იყო, ეს ამბავი კი გუნდს ბოლო დროს
ძალიან მოუხშირდა.
როგორც ჩანს, სამმცველიან ტაქტიკურ სქემასთან ნეაპოლური გუნდი უკეთ ადაპტირდა. მაცოკი მარცხენა ფლანგზე სივრცეებს ითვისებდა, რაც ხვიჩა კვარავხელიას მეტი მოძრაობის, ცენტრში მოქმედებისა და თავისუფალი ზონების დაუფლების საშუალებებს აძლევდა. პირველ ტაიმში “კვარას” საგოლე ეპიზოდი სწორედ ასე შეექმნა – ლობოტკამ ცენტრიდან ბურთი სისწრაფეზე გააყოლა, ხვიჩა რამდენიმე მეურვეს გაუმკლავდა, თუმცა კარში დასარტყმელად იდეალური დრო ვერ შეარჩია. თითქოს კვარაცხელია ბევრს ფიქრობს იმაზე, კიდევ ერთი გამოუყენებელი მომენტი არ ჰქონდეს, დაარტყას ისე, როგორც იდეალურად წარმოუდგენია, ზოგჯერ კი ეს გადაწყვეტილების მარტივად მიღებას ხელს უშლის. ის კი, რომელიც იან ზომერმა მოიგერია, ქართველმა ფეხბურთელმა მართლაც მშვენივრად შეასრულა, მაგრამ არსებობს მომენტები, როცა კიპერები, უბრალოდ, შეუვალნი არიან.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა 77-ე ნომერმა ჯარიმები როგორც ჩააწოდა, ასევე კარისკენ დაარტყა. ორი წელია, ჩვენებურს ამ კომპონენტში ნდობა ნაკლებად აქვს, გუნდი კი სტანდარტულ სიტუაციებს შედეგიანად ვერ იყენებს. ამჯერად არც ხვიჩას გამოუვიდა, მაგრამ ეს იქნებ რაღაც ახლის დასაწყისი იყოს – მწვრთნელის მხრიდან დამოკიდებულების შეცვლა და თავად მისი მოწადინებაც უკვე კარგია. შესაძლოა, კვარაცხელიამ რაღაცები მეტადაც მოითხოვა, ვიდრე მანამდე… კუთხურებზეც მუდმივად ვწერთ, რომ ხვიჩას მხოლოდ ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე არ უნდა იყენებდნენ.
გაძევებაზე ვისაუბრეთ და აქ მწვრთნელის როლს ვერ გავექცევით – გაფრთხილებული სიმეონეს მინდვრიდან გაყვანა მანამდე იკვეთებოდა, თანაც, რასპადორი სათადარიგოთა სკამზე იყო. შემდეგ მაცარიმ პენალტების სერიამდე მისვლა სცადა, მაგრამ როცა დაცვა შენი საუკეთესო მხარე არაა, კვარაცხელიას კი, რომელსაც “ინტერი” ყველაზე მეტად უფრთხოდა, ცვლი, მზად უნდა იყო, მოწინააღმდეგე უკანმოუხედავად შეგიტევს, რადგან კონტრშეტევის საფრთხესაც კი ვერ გრძნობს. “ნაპოლის” დამრიგებელი პირველი არაა, ვინც ამ გამოწვევას შესაბამისად ვერ პასუხობს…
სუპერთასმა გარკვეული იმედები გააჩინა, ოპტიმიზმი ჩასახა და ახლა გუნდმა რამენაირად უნდა სცადოს, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდეს და ამავე ტურნირზე “ბარსელონას” ღირსეულად ეთამაშოს. უახლოესი გამოწვევა “ლაციოსთან” მატჩია – დისკვალიფიცირებული კვარაცხელიას გარეშე…
ხვიჩა იმიტომ არ შეუცვლია , რომ ფრეზე ასე მეტი შანსი ექნებოდა, არამედ იმიტომ რომ ამოუვიდა ამ კაცს, ენდობა, ეუბნება გარისკეო, მთელ გუნდს კვარაზე სათამაშოდ აწყობს დს ეს კიდევ უკან აბრუნებს პასებს და არ რისკავს საკუთარ თავზე აღებას. ამიტომ მწვრთნელის სრულიად მესმის, სწორი ქნა რომ შეცვალა, ასე კვარა უფრო დაინახავს რას ითხოვენ მისგან. ის მაცოკი არ არის. წარმატებები ხვიჩა, ცოტა მეტი სითამამე, დრიბლინგები სცადე ისევ