8-9 იანვარს საქართველოს მწერალთა სახლი მონაწილეობას მიიღებს ტრაპიზონის ლიტერატურულ ფესტივალში.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ფესტივალი, თემით „ცხოვრება და სივრცე“, იმართება კულტურული და არქიტექტურული მნიშვნელობის ისტორიულ კოსტაკის სასახლეში (Trabzon Museum/Kostaki Palace), რომელიც დღეს მუზეუმად ფუნქციონირებს.
ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (Uluslararası Trabzon Edebiyat Festivali) რეგიონის კულტურული კალენდრის მნიშვნელოვან ყოველწლიურ ღონისძიებას წარმოადგენს.
ფესტივალის მიზანია სხვადასხვა ქვეყნიდან ავტორების, ლიტერატორების, გამომცემლების, ჟურნალისტებისა და მთარგმნელების შეკრება ლიტერატურული გამოცდილების გასაზიარებლად, ლიტერატურული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ერთობლივი შემოქმედებითი პროექტების შესამუშავებლად, რაც ამ საერთაშორისო პლატფორმას განსაკუთრებულ კულტურულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ფესტივალი მოიცავს მრავალფეროვან პანელურ დისკუსიებსა და კონფერენციებს, ავტორთა შემოქმედებით საღამოებს, თემატურ სემინარებსა და პრეზენტაციებს, გამოფენებს, ლიტერატურული მოღვაწეებისადმი მიძღვნილ დაჯილდოების ცერემონიებს.
9 იანვარი მთლიანად ქართულ ლიტერატურას ეძღვნება.
მომხსენებლები იქნებიან:
ე. ალა თურქმენი − მწერალი, ტრაპიზონის ლიტერატურული ფესტივალის დამფუძნებელი;
ქეთევან დუმბაძე − საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი;
ჰარუნ ჩიმქე − ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი და მთარგმნელი; UTEF-ის მრჩეველი ქართულ ლიტერატურაში.
გაიმართება თანამედროვე ქართული პოეზიის საღამო.
აუდიტორიის წინაშე წარდგებიან პოეტები: ია სულაბერიძე, მანონ ბულისკერია, ნინუკა ქოიავა.
წყარო: მედიაჰოლდინგი “კვირა”




