შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერზე – იქნებ ვეღირსოთ ევროკავშირის ელჩის ერთ განცხადებას მაინც – თუ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს არ დაგმობს, ის მაინც თქვას, რომ ეს ძალადობრივი შტურმი ევროპული საქციელი არ არის

საქართველოში პრეზიდენტის სასახლის შტურმი მოხდა ევროკავშირის დროშით ხელში, ამას ამართლებს და თვალს უხუჭავს ევროკავშირის საელჩო და კომისია, რაც რა თქმა უნდა, კატასტროფაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დღემდე ევროკავშირს ძალადობა არ დაუგმია, „რაც კიდევ ერთხელ აღვივებს ეჭვს, რომ ეს იყო საერთო, ორკესტრირებული და კოორდინირებული საინფორმაციო მხარდაჭერა საქართველოში ნეპალის ძალადობრივი სცენარის განხორციელების“.
„4 ოქტომბრის მოვლენებიდან 3 თვე გავიდა და ევროკავშირი ჯერ კიდევ არ გმობს ძალადობას, თუმცა საახალწლო დღეები იყო და არ დავტვირთე საზოგადოება ზედმეტად. თუმცა მოვა 4 თებერვალი და იქნებ მანამდე მაინც ვეღირსოთ ევროკავშირის ელჩის ერთ განცხადებას მაინც, რომელიც თუ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს არ დაგმობს, ის მაინც თქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი ევროპული საქციელი არ არის. აბა, მოდი, ამას მაინც თუ იტყვის ევროკავშირის ელჩი. დღემდე ევროკავშირს არ დაუგმია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი მათ მიერ მხარდაჭერილი ხალხის მხრიდან. ვინც იმ შტურმში მონაწილეობდა, ყველა ამ სახეს ნახავთ საელჩოებში სხვადასხვა მიღებაზე, არასამთავრობოებში თანამშრომლებად, დაფინანსება მიღებულ ხალხს და ასე შემდეგ. იქ ვინ ტრიალებდა, ამას ევროკავშირის დროშით აკეთებდა. საქართველოში პრეზიდენტის სასახლის შტურმი მოხდა ევროკავშირის დროშით ხელში, ამას ამართლებს და თვალს უხუჭავს ევროკავშირის საელჩო და კომისია, რაც რა თქმა უნდა, კატასტროფა. არათუ დაგმობა არ მოჰყოლია ამ ფაქტს, ეს იყო ევროკომისიის სპიკერის მხრიდან მხარდაჭერილი ნეპალის სცენარი საქართველოში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს დაანონსებული იყო ძალადობა, დაანონსებული იყო ნეპალის სცენარი, რაც ნიშნავს ხელისუფლების სისხლიან დამხობას. ევროკომისიის სპიკერს ჰკითხეს, 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით რას ფიქრობდა და თქვა, რომ სოლიდარულია და მხარს უჭერს. დღემდე ბოდიში არ მოუხდია, განმარტება არ გაუკეთებია არავის ევროკავშირისგან. პირდაპირ მიდიოდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და ამ პროცესში ვნახეთ ბრიუსელიდან მხარდამჭერი პოსტები, „ტვიტები“ თუ X-ები. შეგახსენებთ, მოლდოვის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ამ ძალადობას მაშინ, როდესაც მისი კოლეგის, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი მიდიოდა. ეს კიდევ ერთხელ აღვივებს ეჭვს, რომ ეს იყო საერთო, ორკესტრირებული და კოორდინირებული საინფორმაციო მხარდაჭერა საქართველოში ნეპალის ძალადობრივი სცენარის განხორციელების. ჩვენ ვუყურებთ იმ ფარისეველ ევროპელებს, რომლებმაც ამას მხარი დაუჭირეს და როგორც კი ჩაფლავდა ოქტომბრის რევოლუცია, ყველა კუთხეში დაიმალა და დღემდე 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ხმას არ იღებენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ვის, რა სამართლებრივი კვალიფიკაცია ეკუთვნის ამ საქმეზე, ამას სასამართლო დაადგენს.