გვესმის განცხადებები, რომ უკრაინა არის ევროპის ფრონტის წინა ხაზი და ვერ ვხედავთ ვერცერთ ევროპელ ჯარისკაცს. რატომ? თუკი ევროკავშირის წინა ხაზია, რატომ არ იბრძვიან? – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი „თანმიმდევრულია იმაში, რომ უკრაინელების ხელით საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყონ.“
„გვესმის განცხადებები, რომ უკრაინა არის ევროპის ფრონტის წინა ხაზი და ვერ ვხედავთ ვერცერთ ევროპელ ჯარისკაცს. რატომ? თუკი ევროკავშირის წინა ხაზია, რატომ არ იბრძვიან? რატომ ვერ ვხედავთ ფრანგ, ლიეტუველ, ესტონელ ჯარისკაცებს? რატომ არ იბრძვიან იქ, რას ემალებიან? საუბარია, რომ ჩვენ რომ ჩავერთოთ NATO უნდა ამოქმედდესო – არანაირი NATO არ ამოქმედდება, მითუმეტეს დღევანდელი გარემოებებიდან გამომდინარე. ესტონეთს არავინ უშლის, რომ თქვას: „ძვირფასო NATO, მე ომში მივდივარ, თქვენ ჩემზე არ ინერვიულოთ, ნუ აამოქმედებთ მეხუთე პუნქტს“. წავიდნენ და იომონ ესტონელებმა. რატომ არ იბრძვიან დღემდე ესტონელები, ლიეტუვა, ლატვია? ეხმარებიან – ფულს აძლევენ, რატომ, სისხლის დაღვრა რატომ არ უნდათ.
ბევრი ქვეყანა ევროკავშირში ამბობს, რომ ეს არის ევროკავშირის დაცვის წინა ხაზი და იქ მიდის ბრძოლა. კი ქართველებიც იბრძვიან, რატომ არ იბრძვიან ესტონელები და ლატვიელები? სახელმწიფო რატომ არ ერთვება? რატომ არ აგზავნის თავის ბატალიონებს ესტონეთის სახელმწიფო?
უკრაინა რატომ ვერ იგებს ამ ომს? მთავარი პრობლემა არის ცოცხალი ძალა, ამას თვითონაც ამბობენ. უკრაინაში გამოცხადებულია იძულებითი მობილიზაცია იმისთვის, რომ საჯარისო შემადგენლობები დააკომპლექტონ, აკლიათ ადამიანები და ეს ცნობილი ფაქტია. ამას უკრაინის და მათ შორის, ამერიკის ხელისუფლებაც ამბობს, რომ ცოცხალი ძალა უკრაინისთვის პრობლემაა და მიეხმარონ. თუ ევროკავშირი ამბობს, რომ ეს მისი წინა ხაზია, კეთილი ინებოს, ჩაჯდეს სანგრებში და იომოს მხარდამხარ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.




