პოლიტიკურმა პარტია „ლელომ“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მსგავსად, მოახლებული საპარლამენტო არჩევნებისთვის უცხოელი პოლიტიკური კონსულტანტი დაიქირავა.
თუკი „ოცნებამ“ და „ენმ-მ“ არჩევანი მოშე კლუგჰაფტსა და ბენ მალეტზე შეაჩერეს არჩევანი, „ლელოს“ მომსახურებას გაუწევს ჯერემი როზნერი.
ამ მასალაში მოგიყვებით, რა ვიცით ჯერემი როზნერის შესახებ და როგორი იყო მისი გამოცდილება „ლელოსთან“ თანამშრომლობის დაწყებამდე.
საერთაშორისო გამოცდილება
ღია წყაროებში როზნერზე არცთუ ისე დიდი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ბიოგრაფიის მთავარ წყაროდ თავად როზნერის გვერდი წარმოგვიდგება სოციალურ ქსელ LinkedIn-ში.
ამ გვერდის თანახმად, „ლელო“ როზნერისთვის საქართველოში მუშაობის პირველი გამოცდილება არ არის: იქამდე იგი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთანაც მუშაობდა, ვკითხულობთ მის ბიოგრაფიაში. იქვე აღნიშნულია, რომ როზნერი თანამშრომლობდა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან, ბოლივიის ყოფილ პრეზიდენტ გონსალო სანჩეს დე ლოსადასთან, ირლანდიის ყოფილ პრემიერ ენდა კენისთან და კენიის ყოფილ პრემიერ რაილა ონდიგასთან.
როზნერის გვერდზე არაფერია ნათქვამი, თუმცა რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ ცნობებში ნათქვამია, რომ იგი იყო უკრაინელი პოლიტიკოსის, ვალენტინ ნალივაიჩენკოს კონსულტანტი. რუსული სახელისუფლებო მედია „რეგნუმი“ კი წერდა, რომ როზნერი ისრაელელ პოლიტიკოსთან, ამირ პერეცთანაც თანამშრომლობდა.
როზნერის კარიერაში მთავარი იყო პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში მუშაობა. მის გვერდზე ვკითხულობთ, რომ 1998 წლამდე როზნერი ადმინისტრაციაში მუშაობდა. 1998 წელს ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციასთან დაკავშირებით ეხმარებოდა კლინტონს ტექსტების მომზადებაში საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ასევე, მუშაობდა მასთან ერთად 1993 წელს პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისა და ისრაელის სამშვიდობო შეთანხმებაზე.
ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ როზნერმა გადაინაცვლა კერძო სექტორში და 2022 წლამდე ხელმძღვანელობდა საკონსულტაციო კომპანია „გრინბერგ ქუინლერ როზნერს“. იგი ამჟამადაც რჩება კომპანია „როზნერ რისერჩის“ დირექტორად, რომელსაც ახასიათებს, როგორც „მსოფლიოს წამყვან საკონსულტაციო კომპანიას პოლიტიკური პარტიებისთვის, მთავრობებისთვის, კანდიდატებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის“.
„მისი [როზნერის] სპეციალიზაციაა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფაქიზი გამოყენება, რაც ეხმარება გლობალურ ლიდერებს, შეიმუშაონ და გაატარონ გამარჯვების მომტანი პოლიტიკური და საკომუნიკაციო სტრატეგია“, – ვკითხულობთ როზნერის გვერდზე.
მეორედ საქართველოში
როგორც თავად როზნერიც ამბობს, აქამდე საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან აქვს ნამუშევარი. ქართულ მედიაში როზნერი სააკაშვილის მმართველობის წლებში იშვიათად ფიგურირებდა, თუმცა „ამერიკის ხმის“ 2010 წლის სტატიიდან ვიგებთ, რომ:
„სააკაშვილმა ამერიკული კომპანია ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბრის კრიზისის შემდეგ დაიქირავა, როცა თანამდებობის დატოვება მოუხდა. „გრინბერგ ქუინლერ როზნერი“ მუშაობდა 2008 წელს სააკაშვილის საპრეზიდენტო და ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო კამპანიაზე. 2010 წელს კი მთლიანად განსაზღვრავდა თბილისის მერობისთვის მებრძოლ გიგი უგულავას საარჩევნო პოლიტიკას.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ როზნერის წარსული თანამშრომლობის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ როზნერი პარტიისთვის „მნიშვნელოვანი კონსულტანტია“.
„ტოპ-ფირმები გვყავს კონსულტანტებად. მათ შორის ერთ-ერთი არის ჯერემი როზნერი, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი“, – თქვა გეგელიამ.
მას ასევე ჰკითხეს, თუ რატომ დაიქირავა ლელომ „მაინცდა აინც “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი კონსულტანტი“. გეგელიამ უპასუხა, რომ როზნერი პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციაშიც მუშაობდა, – „რატომ მაინცდამაინც ენმ-ის და არა პრეზიდენტ კლინტონის?!“, – და აღნიშნა: „მე და ნაცმოძრაობის წევრი ერთ ექიმთან რომ დავდიოდეთ, ეს პოლიტიკურ მსგავსებაზე მიუთითებს, თუ იმაზე, რომ ექიმი არის კარგი?“.
„თუკი წარსულში, 12, 15 და 20 წლის წინ, ის თანამშრომლობდა ვინმესთან, ეს დღეს არაა არსებითი, როცა ის თანამშრომლობს ჩვენთან“, – ხაზს უსვამს იგი.
თინა ბოკუჩავამ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ როზნერს პარტიასთან 2012 წლიდან კავშირი არ აქვთ.