მისი უწმინდესობის მრავალწლიან სულიერ წინამძღოლობასა და მოღვაწეობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცისა და ერთობისათვის, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილის მისალოც წერილშია ნათქვამი, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მიხეილ ყაველაშვილი ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით დასაფასებელია მისი წვლილი საზოგადოებაში შემწყნარებლობის, თანხმობისა და სიყვარულის გაძლიერებაში.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს.
ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის მოღვაწეობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ასაღორძინებლად ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს. მისი უწმინდესობის ღვაწლით ეკლესია კვლავ ჩვენი ერის სულიერი საყრდენი და ქართული სახელმწიფოებრიობის მყარი საფუძველია.
მისი უწმინდესობის მრავალწლიან სულიერ წინამძღოლობასა და მოღვაწეობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცისა და ერთობისათვის.
განსაკუთრებით დასაფასებელია მისი წვლილი საზოგადოებაში შემწყნარებლობის, თანხმობისა და სიყვარულის გაძლიერებაში.
ჩვენს პატრიარქს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და დიდხანს მსახურებას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ”, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.



