2025 წლის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი მსოფლიოში

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები, როგორც წესი, ლიმიტირებული ახალი სუპერმანქანები კი არა, არამედ აუქციონზე გაყიდული ექსკლუზიური მოდელებია, რომლებიც უფრო რეტრომობილებია. თუმცა 2025 წელს თანამედროვე მოდელებიც მაღალი ფასებით სარგებლობდა.
focus.ua-მ 2025 წლის 10 ყველაზე ძვირადღირებული მანქანა გამოავლინა, რომელთა ფასიც 10 მლნ დოლარს აჭარბებს.
ფორმულა1-ის ბოლიდი, Mercedes W196 Strommlinienwagen გასული წლის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია. ის გერმანიაში RM Sotheby’s-ის აუქციონზე 54 მლნ დოლარად გაიყიდა. ამ უნიკალურ მოდელს დახურულბორბლებიანი კორპუსი აქვს, რაც ფორმულა 1-ისთვის არატრადიციულია. მანქანას ინოვაციური 2.5-ლიტრიანი V8-ძრავა აქვს, რომელიც 290 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ია. სულ მხოლოდ ოთხი Mercedes W196 Strommlinienwagen იქნა წარმოებული.
მეორე ადგილზე Ferrari 250 LM-ია, რომლის ღირებულებაც 36.3 მლნ დოლარია. ამ კუპეს 1965 წლის ცნობილი ლე-მანის 24-საათიანი რბოლა აქვს მოგებული. სპორტული ავტომობილის მხოლოდ 32 ეგზემპლარი იქნა წარმოებული და ეს შუაში ჩამონტაჟებული ძრავით ბრენდის პირველი სერიული მოდელი იყო. ის 3.3-ლიტრიანი V12-ძრავით არის აღჭურვილი და 320 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც 6.1 წამში 60 მილი/სთ-მდე აჩქარების საშუალებას იძლევა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 180 მილი/სთ-მდე აღწევს. დიდი ხნის განმავლობაში, ავტომობილი ინდიანაპოლისის მუზეუმის კოლექციის ნაწილი იყო.
მესამე ადგილზე Ferrari Daytona SP3-ია, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული თანამედროვე სუპერმანქანაა. RM Sotheby’s-ის საქველმოქმედო აუქციონზე ის 26 მლნ დოლარად გაიყიდა. ეს არის Ferrari Daytona SP3-ის ბოლო ეგზემპლარი, რომელიც უნიკალური ორფეროვანი საღებავითა და განსაკუთრებული ინტერიერით გამოირჩევა. 840 ცხენის ძალის მქონე V12-ძრავა მას 2.85 წამში 60 მილი/სთ-მდე აჩქარების საშუალებას აძლევს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 211 მილი/სთ-ია.
მეოთხეზე ლეგენდარული McLaren F1-ია, რომლის ღირებულებაც 25.32 მლნ დოლარია. ის თავის მემკვიდრეზე უფრო ძვირია. ეს ბრენდის პირველი სერიული მოდელი და 1990-იანი წლების ყველაზე სწრაფი მანქანაა. 6.1-ლიტრიანი 627 ცხენის ძალის მქონე BMW-ს მიერ აგებული V12-ძრავა 3.3 წამში 0-დან 60 მილი/სთ-მდე აჩქარების საშუალებას იძლევა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 245 მილი/სთ, ანუ 386 კმ/სთ-ია. 1994 წლის McLaren F1 ერთ დროს ბრუნეის სულთნის ავტომობილების ცნობილი კოლექციის ნაწილი იყო. 2007 წელს ავტომობილს რესტავრაცია და მოდერნიზება ჩაუტარდა.
მეხუთე ადგილზე 25.305 მლნ დოლარის Ferrari 250 GT California Spider-ია, რომელიც კოლექციონერებს შორის მეტად ფასობს. ამ კაბრიოლეტიდან მხოლოდ 56 ეგზემპლარი იქნა წარმოებული. ეს კონკრეტული მანქანა Gooding Christie’s-მა აუქციონზე გაყიდა და ორი სუპერმანქანიდან ერთ-ერთია, რომელსაც 280 ცხენის ძალის მქონე V12-ის ძლიერი ძრავა და მსუბუქი ალუმინის კორპუსი აქვს.
მე-6 ადგილზე Gordon Murray S1 LM დასახელდა. წარმოებული ხუთი კუპედან პირველი 20 მლნ დოლარად გაიყიდა. გორდონ მიურეიმ ეს მანქანა თავისი ყველაზე ცნობილი ქმნილების, McLaren F1-ის მემკვიდრედ შექმნა. თავისი ცნობილი წინამორბედის მსგავსად, სუპერმანქანა სამადგილიანი ინტერიერით, ცენტრში მძღოლის ადგილითა და ძრავის მოოქროვილი განყოფილებით გამოირჩევა. კომპანია Cosworth-მა სპეციალურად Gordon Murray S1 LM-ისთვის 4.3-ლიტრიანი V12-ძრავა შექმნა, რომელიც 700 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
მე-7 ადგილზე მიხაელ შუმახერის საჩემპიონო მანქანა, Ferrari F2001-ია, რომელიც მონაკოში 18.17 მლნ დოლარად გაიყიდა. სწორედ ამ მანქანით მოიგო გერმანელმა მრბოლელმა 2001 წლის მონაკოსა და უნგრეთის გრან-პრი, სადაც მეოთხე ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაიფორმა. მანქანა ახლახანს აღადგინეს და ამჟამად ექსპლუატაციაშია. 825 ცხენის ძალის V10-ძრავის მქონე 600 კგ-იან მანქანას სულ რაღაც 2 წამში 0-დან 62 მილი/სთ-მდე აჩქარება შეუძლია, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 350 კმ/სთ-მდე (220 მილი/სთ-მდე) ავითარებს.
მერვე ადგილზე 1966 წლის სარბოლო ავტომობილი Ford GT40-ია, რომელიც ბრენდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია და 13.205 მლნ დოლარი ღირს. სპორტული ავტომობილი ლე-მანის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობდა, ხოლო სებრინგის 12-საათიან რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა. ეს დაბალი კუპე მასიური, 7.0-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 485 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 330 კმ/სთ-ის (208 მილი/სთ-ის) მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებს. Ford GT40 დიდი ხნის განმავლობაში ინდიანაპოლისის საავტომობილო ტრასის სამუზეუმო ექსპონატი იყო, თუმცა მისი კოლექციის ნაწილი RM Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდა.
მეცხრე ადგილზე McLaren MCL40A დასახელდა. ჯერ კიდევ წარუდგენელი ავტომობილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში აუქციონზე 11.5 მლნ დოლარად გაიყიდა. ავტომობილის დებიუტი მიმდინარე თვეში შედგება და ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონზე მიიღებს მონაწილეობას. თუმცა მფლობელი მას 2028 წლამდე ვერ მიიღებს, რომ მოდელის საიდუმლოებების ნაადრევად გამჟღავნება თავიდან იქნეს აცილებული. McLaren MCL40A ახალი ჰიბრიდული სისტემით არის აღჭურვილი, რომელიც 1.6-ლიტრიანი 545 ცხენის ძალის მქონე ტურბოძრავასა და 475 ცხენის ძალის ელექტროძრავას მოიცავს.
ტოპ 10-ულს Ferrari F40 LM ხურავს, რომელიც ლეგენდარული მოდელი და ენცო ფერარის სიცოცხლეში შექმნილი ბოლო მანქანაა. მისი ღირებულება 11.005 მლნ დოლარია. კუპეს 760 ცხენის ძალის შემსუბუქებული LM-ვერსია აქვს, რომელიც 3.1 წამში 60 მილი/სთ-ის სიჩქარეს ავითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 225 მილი/სთ-ია. ასეთი მხოლოდ 19 მანქანა არსებობს.
www.bpn.ge