ვინ არიან „ქართული ოცნების“ ის დეპუტატები, რომლებიც მოსკოვში დადიან და რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობენ? – ეს კითხვა მას შემდეგ აგხდა აქტუალური, რაც სააგენტო TASS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის დუმის დეპუტატმა, ვიქტორ ვოდოლაცკიმ თავად ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ივანიშვილის რიგი დეპუტატები მოსკოვში ჩადიან და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ.“
ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ეს არის აღიარება, როგორ ცდილობს “ქართული ოცნება“ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას.
მათი თქმით, ივანიშვილის გუნდმა უნდა ისაუბროს, ვინ არიან ის დეპუტატები, ვინც მოსკოვში ჩადიან და ყველა საჭირო კითხვას უნდა გასცეს პასუხი.
როგორც დეპუტატი ამბობს, არსებობს კულუარული შეხვედრები რუსეთის წარმომადგენლებთან, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენის შესახებ. ეს არის ასევე სახიფათო განცხადება, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ“ პასუხი უნდა გასცეს, რა შეხვედრები არის რუსეთთან, ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რატომ არ ვიცით ჩვენ ამ შეხვედრების შესახებ. შესაბამისად, აი, ამ განცხადებიდან გზავნილი არის ის, რომ რუსეთი საქართველოს და “ქართულ ოცნებას“ აღიქვამს როგორც მის მარიონეტულ წარმომადგენლობად. არ მგონია რომ წამოცდენა იყოს, „ ქართული ოცნება“ ივანიშვილის ხელისუფლებასთან ერთად როგორც ვიცით, რასაც ვხედავთ ინტენსიურად მუშაობს რუსულ ხელისუფლებასთან,- განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ ეს არის “ძალიან კარგი დასტური და წამოცდენა იმისა, რომ ირაკლი კობახიძე პირდაპირ და ღიად მუშაობს რუსეთზე“.
ეს არის პირდაპირი და მკაფიო აღიარება რუსეთის მხრიდან და დადასტურება იმისა, რომ “ქართული ოცნების“ რეჟიმი ჩუმ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ფაშისტურ ფედერაციასთან, რომელსაც კვლავაც ცხადია ოკუპირებული აქვს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილი, რომელიც დასდევს ქართველებს, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს , რომელიც ხოცავს ბავშვებს და ხანდაზმულებს ჩვენს მეზობელ უკრაინაში. ეს არის კიდევ ერთი ძალიან კარგი დასტური და წამოცდენა იმისა, რომ ირაკლი კობახიძე პირდაპირ და ღიად მუშაობს რუსეთზე,- ამბობს გრიგოლ გეგელია.




