რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დღეს საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლები ეწვივნენ. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
„სტუმრებს მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. მან ხაზი გაუსვა სოციალური პროექტის – „უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ მოქალაქეთა მხარდასაჭერად“ მნიშვნელობას, რომელის ფარგლებშიც უკვე მეშვიდე წელია, სააგენტო გარკვეულ აქტივობებს ახორციელებს. კერძოდ, სააგენტო ბრაილის შრიფტით ბეჭდავს ინტერრელიგიურ კალენდრებს, 2020 წლიდან კი სააგენტომ ბრაილის შრიფტით გამოსცა ძველი აღთქმის ხუთი კანონიკური წიგნი – დაბადება, წიგნი გამოსვლათა, წიგნი ლევიტელთა, წიგნი რიცხვთა და მეორე რჯული. მან გამოთქვა ინიციატივა, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება უსინათლოთა საჭიროებების გადაჭრის საქმეში.
სტუმრებს მიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, რომელმაც დადებითად შეაფასა რელიგიის სააგენტოს სოციალური აქტივობა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს შშმ პირების საჭიროებების გათვალისწინებისა და მათი პრობლემების გადაჭრისთვის. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ანალოგიური აქტივობები პარლამენტის მხრიდან კვლავაც გაგრძელდება.
საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს დახმარებისთვის და სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრის დასასრულს, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბიბლიის მეხუთე წიგნი – მეორე რჯული და 2024 წლის ინტერრელიგიური კალენდარი შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.