კეკელიძეზე დაკავებულებს შორის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილიცაა

თბილისში, კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებს შორის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილიცაა.
როგორც მთივლიშვილის ადვოკატმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა რა დროსაც კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს.
მარიამ პატარიძის თქმით, რომელიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ წარმოადგენს, ვაკის პირველ სამმართველოში მთივლიშვილთან ერთად იმყოფება აქციაზე დაკავებული სულ მცირე ათი პირი. ადვოკატები და დაკავებულები ამ დროისთვის ელოდებიან გადაწყვეტილებას პოლიცია დაკავებულებს სასამართლოში გადაიყვანს თუ წინასწარი დაკავების იზოლატორში.
ადვოკატის თქმით, დაკავებულთა ნაწილი აცხადებს, რომ პოლიციამ მათზე იძალადა. კერძოდ, მარიამ პატარაძის თქმით, გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ პოლიციის მანქანაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მას გუდავდნენ. ადვოკატის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინფორმირებულია პოლიციელების მხრიდან ძალაუფლების შესაძლო ძალადობით გადამეტებაზე და დღესვე გამოჰკითხავენ დაკავებულებს.
გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები.
პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა კიდეც. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან აქტივისტებიც, გიორგი ღვინჯილია და ირაკლი კაკაბაძე.

ასევე დაგაინტერესებთ