რაჭაში დიდთოვლობას ებრძვიან, რაც ტურისტულ სექტორზე ნეგატიურად აისახება. ტურისტული ობიექტის „გარემო“ თანადამფუძნებლის, თამარ დავითულიანის განცხადებით, სტიქიის გამო პრობლემად რჩება ელექტრომომარაგებისა და გზების გაუმართაობა.
როგორც დავითულიანი BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, დიდთოვლობა აფერხებს ტურისტულ ნაკადებს. კერძოდ, მისი თქმით, რაჭის რამდენიმე სოფელში კვლავ არ არის ელექტროენერგია, ხოლო გზების ჩაკეტვის გამო გადაადგილება მნიშვნელოვნად გართულებულია.
„სტიქია ძირითადად გზებსა და უსაფრთხოებას ეხება, რაც პროცესების შეფერხებას იწვევს და საბოლოოდ პირდაპირ აისახება ტურისტებსა და ობიექტში შემომავალ სტუმრებზე. მართალია, ინტენსიური წმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ეს უკვე წინაპირობაა იმის, რომ გაფრთხილებულია ხალხი, უკვე Facebook-ზე აქტიურად იდება პოსტები, რომ რაჭა ჩაკეტილია… ამის გამო, შემდეგი დღეების ჯავშნებიც უქმდება და ძალიან ცუდად მოქმედებს ეს ტურისტულ სეგმენტზე…
ვიცით ყოველთვის, რომ ზამთარში თოვლი იქნება და ეს არ არის მოულოდნელი ამბავი, ამიტომ წინდაწინ უნდა იყოს ეს მზაობა უკვე“, – აცხადებს ტურისტული ობიექტის თანადამფუძნებელი.
მისივე ინფორმაციით, ობიექტი ახალ წლის დღეებში სრულად, 100%-ით იყო დატვირთული, თუმცა არსებული ვითარების გამო სტუმრების ნაწილმა ვიზიტზე უარი თქვა. დავითულიანის თქმით, დღეის მდგომარეობით, დაგეგმილი ჯავშნების დაახლოებით 50% გაუქმებულია ან გადავადებულია, ძირითადად უგზოობისა და გაურკვეველი მდგომარეობის გამო.
„ჩვენ ვალდებულები ვართ, სტუმრებს რეალური ვითარება გავაცნოთ, რომ გზაზე არ აღმოჩნდნენ პრობლემის წინაშე, ამიტომ წინასწარ ვაფრთხილებთ, რაც ხშირად იწვევს ჯავშნების გაუქმებას. მაგალითად, ახალი წლის დღეებში თუ 100%-ით დატვირთულები ვიყავით, უკვე შემდეგი რიცხვების ჯავშნებიც კი სათუოა…“, – ამბობს ის.
მისი შეფასებით, დიდთოვლობა ბუნებრივი მოვლენაა და სახელმწიფოს მართვაზე პირდაპირ არ არის დამოკიდებული, თუმცა შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობაა, პრობლემები დროულად აღმოიფხვრას, რათა ტურისტულ ბიზნესს მსგავსი სირთულეები არ შეექმნას, არ გაუქმდეს ჯავშნები და სექტორი მუდმივად დაზარალებულის პოზიციაში არ აღმოჩნდეს.




