ვლადიმერ ბოჟაძე – გასაკვირია, რატომ ერქვა ოპოზიციისთვის 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ქველმოქმედება და რატომ ეძახიან დღეს იგივე ქველმოქმედებას პოლიტიკურ მიზნებს

ერთი ს დაბრუნება გაგიხარდათ ოპოზიციას და მეორე 26 ოქტომბერს გაგიხარდებათ არჩევნების შედეგები, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებისა და ფონდი „ქართუს“ საქმიანობის შესახებ საუბრისას გააკეთა. როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ვერ გაუხარდებოდა, რადგან იციან, რომ ეს მათთვის სავალალო შედეგებს მოიტანს.
„კარგად გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა როგორ დამთავრდა თქვენი პარტიისთვის. ასევე გვახსოვს მისი მეორედ დაბრუნება როგორ დამთავრდა თქვენი „კაგებეშნიკი“ პრეზიდენტობის კანდიდატისთვის და ახლა წარმომიდგენია, როგორ დამთავრდება მომავალი არჩევნები ბიძინა ივანიშვილის მესამედ მოსვლის პირობებში. თქვენ ასევე ბევრს საუბრობთ ფონდი „ქართუს“ შესახებ. „ქართუს“ მიერ განხორციელებულ პროექტებზე თქვენი დამოკიდებულება გასაკვირი სრულებითაც არ არის. გასაკვირია, რატომ ერქვა ოპოზიციისთვის 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ქველმოქმედება და რატომ ეძახიან დღეს იგივე ქველმოქმედებას პოლიტიკურ მიზნებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კვლევის თანახმად, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა.
„ასე რომ, როდესაც ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს, ჯობს გაიხსენონ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქრთამის მიცემა და აღება 10 პროცენტი რომ იყო. დღეს კი ეს მაჩვენებელი ათჯერ არის შემცირებული. რაც შეეხება წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, როცა კონტრაქტების ვადა ამოიწურება და ის შედეგები არ დადგება, რაც არის კონტრაქტით გათვალისწინებული, მერე ისაუბრეთ კორუფციულ გარიგებებზე. მანამდე კი ის პროექტები გაიხსენეთ, რომლებიც კონტრაქტის დაცვით, ვადებში დასრულდა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ