შუა დერეფნის კონკურენტები აქტიურად იხილავენ ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს – TCRC

შუა დერეფნის ალტერნატივად, ირან-თურქეთი პრიორიტეტულად მერენდი (ირანი) – ჩეშმე სორია (თურქეთი) სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას განიხილავენ, – ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ წერს.
როგორც TCRC განმარტავს, დღეისთვის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარე ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების პროცესის პარალელურად, შუა დერეფნის კონკურენტები აქტიურად იხილავენ, მათ ტერიტორიებზე, ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს.
„უმეტეს შემთხვევაში ახალი ალტერნატიული დერეფნების განვითარებაში ძირითადად ის ქვეყნები არიან ჩართულნი, რომლებიც პარალელურად საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ.
ახლახანს თეირანში ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის პრიორიტეტულად დამაკავშირებელი სასაზღვრო რკინიგზის პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
მერენდი (ირანი) – ჩეშმე სორია (თურქეთ-ირანის საზღვარი) რკინიგზის პროექტის სიგრძე 200 კილომეტრს შეადგენს. რკინიგზა ჩრდილო-დასავლეთ ირანში მდებარე მერენდის მთავარ სატრანსპორტო კვანძს თურქეთის საზღვარზე მდებარე ჩეშმე სორიას სადგურთან დააკავშირებს.
ირანის ხელისუფლების ცნობით, ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა სამიდან ოთხ წლამდე გაგრძელდება.
თავის მხრივ, თურქეთმა, ირანში 1.6 მილიარდი ევროს ღირებულების სამშენებლო პროექტის ერთობლივ განხორციელებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა.
საბოლოოდ, ხაზი მიურთდება თურქეთში ამჟამად მშენებარე 224 კმ სიგრძის ორლინდაგიან, ელექტროფიცირებულ ყარსი-დილუჯუს რკინიგზას, რომლის ღირებულება 2.4 მილიარდ ევროს შეადგენს და მისი მშენებლობა 2025 წლის მარტიდან დაჩქარებულად მიმდინარეობს.
ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მონაკვეთი ირანის სარკინიგზო ქსელს თურქეთთან პირდაპირ დააკავშირებს. სადღეისოდ აღნიშნული მარშრუტი ირანის გავლით „აბრეშუმის გზის“კონცეფციის ტრანსფორმირებულ ვარიანტად განიხილება.
პრაქტიკულად, ახალ ირან – თურქეთზე გამავალ დერეფანს შუა დერეფნის ალტერნატივად ჩამოყალიბების შესაძლებლობა გააჩნია, რომელიც ჩინეთიდან დაიწყება, გაივლის ძირითადი პანთურქული ქვეყნების „რკალს“ – ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ირანისა და თურქეთის ტერიტორიებს და თურქეთის ნავსადგურების გავლით ევროპულ სივრცეში აღმოჩნდება”,- წერს TCRC.
მათივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ მერენდი – ჩეშმე სორიას სარკინიგზო ხაზის მშენებლობით ჩინური საინვესტიციო ფონდები დაინტერესდნენ, რომლებიც ევრაზიულ სივრცეში ახალი აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორც წესი, დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ.
„პოლიტიკურ დონეზე ჩინეთის დაინტერესება დიდია, რაზეც მეტყველებს 2025 წლის ივნისში პეკინში, ჩინეთ-ევროპის მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების განვითარების შესახებ გამართული მოლაპარაკებები.
მოგვიანებით, 2025 წლის ნოემბერში, სტამბულში ჩინეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ირანისა და თურქეთის წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ერთიანი კონკურენტუნარიანი ტარიფების შემუშავებაზე, ტვირთების ტრანზიტის დროის შემცირებაზე, საზღვრებზე დამატებითი ბარიერების გაუქმებაზე და რკინიგზის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაზე.
პანთურქული ქვეყნების მიერ ბოლო პერიოდში გამართული მოლაპარაკებები და მათი ტერიტორიების გამოყენებით ახალი „აბრეშუმის გზის“ კონცეფციის ტრანსფორმირებული ვარიანტის დაჩქარებული წესით განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯები გვაფიქრებინებს, რომ საქართველოზე გამავალ შუა დერეფანს შესაძლოა ახლო მომავალში ახალი კონკურენტი მიმართულება გამოუჩნდეს”- წერს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.