ახლად აღმოჩენილმა მონაცემებმა ეჭვქვეშ დააყენა კაცობრიობის დღევანდელი წარმოდგენები დროისა და სივრცის შესახებ. ბნელი ენერგია – იდუმალი ძალა, რომელიც, სავარაუდოდ, სამყაროს გაფართოებაზეა პასუხისმგებელი, შესაძლოა ისე არ იქცეოდეს, როგორც მეცნიერთა უმეტესობა ვარაუდობს, თუმცა ამ საკითხზე სამეცნიერო კონსენსუსი არ არსებობს.
სამხრეთკორეელი მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზი ვარაუდობს, რომ სამყარო შესაძლოა უსასრულოდ არ გაფართოვდეს, არამედ – გარკვეულ მომენტში გრავიტაციის ძალები გადაულახავი ბარიერი გახდება და სამყარო კვლავ შეკუმშვას დაიწყებს, საბოლოოდ კი “დიდი შეკუმშვის“ შედეგად გაქრება.
მეცნიერები თვლიან, რომ ისინი შესაძლოა ასტრონომიის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენის ზღვარზე დგანან.
დიდი ხანია ითვლებოდა, რომ სამყაროს გაფართოება, რომელიც დაახლოებით 13,8 მილიარდი წლის წინ დიდი აფეთქებით დაიწყო, გრავიტაციის გავლენით თანდათან უნდა შენელებულიყო. მაგრამ 1998 წელს, მეცნიერებმა ე.წ. ბნელი ენერგიის არსებობის მტკიცებულებები მოიპოვეს. ახალი თეორიის თანახმად, ეს ძალა სამყაროს გაფართოებას აჩქარებს.
ძალიან კაშკაშა აფეთქებად ვარსკვლავებზე – სუპერნოვებზე ჩატარებულმა დაკვირვებამ აჩვენა: იმის ნაცვლად რომ გალაქტიკების ერთმანეთისგან დაშორების პროცესი დროთა განმავლობაში შენელდეს, ისინი პირიქით უფრო და უფრო დიდი სიჩქარით შორდებოდნენ ერთმანეთს.
თეორიების მიხედვით, სამყაროს მუდმივად აჩქარებული გაფართოება საბოლოოდ იქამდე მივიდოდა, რომ გრავიტაცია მხოლოდ ლოკალურ (რა თქმა უნდა, კოსმოსური მასშტაბებით) დონეზე იმოქმედებდა. გალაქტიკათა ჯგუფები დროთა განმავლობაში სულ უფრო დაშორდებოდნენ ერთმანეთს და ხილული სამყაროს “ჰორიზონტს“ გასცდებოდნენ. რაღაც მომენტში სხვა ვარსკვლავებზე დაკვირვება შეუძლებელი გახდებოდა, ხოლო საკმარისი დროის გასვლის შემდეგ გაფართოებადი სამყარო ბოლო მატერიალურ “კუნძულებსაც“ დაშლიდა და მხოლოდ გამოსხივებით სავსე კოსმოსი დარჩებოდა. ამ სცენარს ასტრონომებმა “დიდ გახლეჩა“ (The Big Rip) უწოდეს.
მიმდინარე წლის მარტში მეცნიერებმა მოულოდნელი შედეგები მიიღეს არიზონის უდაბნოში მდებარე ტელესკოპიდან, რომელსაც “ბნელი ენერგიის შესწავლის სპექტროსკოპიული ინსტრუმენტი“ (DESI) ეწოდება.
DESI, რომელიც ბნელი ენერგიის შესწავლის მიზნით აშენდა, მილიონობით გალაქტიკის აჩქარებას განსაკუთრებული სიზუსტით აკვირდებოდა, თუმცა მიღებულმა შედეგებმა მეცნიერები გააოცა.
DESI-ის პროექტის წევრის, ლონდონის უნივერსიტეტული კოლეჯის პროფესორის, ოფერ ლახავის თქმით, “მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ გალაქტიკების აჩქარება დროთა განმავლობაში იცვლება, რაც კოსმოლოგიაში მიღებულ სტანდარტულ სურათს არ შეესაბამება“
· “ცვალებადი ბნელი ენერგია ხან ძლიერდება, ხან სუსტდება, ჩვენ ახალი მექანიზმი გვჭირდება. ეს მოვლენა შეიძლება მთელი ფიზიკისთვის შოკი აღმოჩნდეს,“ – აცხადებს პროფესორი
აღმოჩნდა, რომ ბნელი ენერგია დროთა განმავლობაში იცვლება, ხოლო სამყაროს საერთო აჩქარება შენელდა.
„სამყაროს ბედი შეიცვლება,“ – პირდაპირ აცხადებს სეულის იონსეს უნივერსიტეტის პროფესორი პიანგ ვუკ ლი, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად ვარსკვლავებზე ჩატარებულ კვლევებს დაუბრუნდა.
მეცნიერებმა “სუპერნოვების“ მონაცემები იმ გალაქტიკების ასაკის გათვალისწინებით “შეასწორეს“, რომლებშიც ისინი მდებარეობდნენ და გამოთვალეს, სინამდვილეში რამდენად კაშკაშები უნდა ყოფილიყვნენ.
“თუ ბნელი ენერგია მუდმივი არ არის და სუსტდება როგორ კვლევამ აჩვენა, ეს თანამედროვე კოსმოლოგიის მთელ პარადიგმას შეცვლის და დიდი გახლეჩის ნაცვლად შესაძლებელია დიდი შეკუმშვა მოხდეს, ის თუ რომელი სცენარი გაიმარჯვებს, უკვე ბნელი ენერგიის ნამდვილ ბუნებაზეა იქნება დამოკიდებული,“ – ამბობს პროფესორი ლი
თუმცა თეორიას ყველა არ ეთანხმება. კრიტიკოსთა რიცხვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის პროფესორი ჯორჯ ეფსტატიუ მიეკუთვნება.
“ვფიქრობ, ეს შედეგი უბრალოდ ზეახალი ვარსკვლავების რთულ თავისებურებებს ასახავს, ასაკთან კორელაცია ძალიან მჭიდრო არ არის, ამიტომ ასეთი “კორექციის“ გამოყენება სახიფათოდ მიმაჩნია. ეს ჩემთვის დამაჯერებელ მეთოდს არ წარმოადგენს,“ – აცხადებს მეცნიერი.
· დღეს-დღეობით მეცნიერულ წრეებში წამყვან მოსაზრებად კვლავ რჩება ის თეორია, რომლის თანახმად სამყარო მუდმივი აჩქარებით ფართოვდება, ბნელი ენერგია კი პრაქტიკულად არ იცვლება.
თუმცა როგორც ჩანს სამყაროს დასასრულის შესახებ ახალი კამათი მხოლოდ ახალა იკრეფს ძალას.
წყარო
www.ambebi.ge




