მედია: 2025 წლის რეპრესიები: 23 მოქალაქე დასჯის მოლოდინში ტროტუარზე პროტესტის გამო

პროტესტში მონაწილეობისთვის დასასჯელთა რიგში 23 მოქალაქე დგას. მათ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამვლელთა დაბრკოლებას ედავებიან და 2025 წლის დეკემბრიდან ამოქმედებული რეგულაციებით, 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.


პროტესტის უპრეცედენტო შეზღუდვა 

საკანონმდებლო ცვლილებებში პროტესტის შესაზღუდად ჯერ გაჩნდა ცნება „გზის ხელოვნურად გადაკეტვა“. მოსამართლეები და შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებულ მოქალაქეებს ეუბნებოდნენ — „ტროტუარზე ვერ გააპროტესტებდით?!“ და 15 დღემდე ვადით უშვებდნენ იზოლატორებში.

გავიდა კიდევ რამდენიმე კვირა და 2025 წლის 12 დეკემბერს ამოქმედდა ცვლილებები, რომლითაც დასჯადი გახადა ტროტუარზე დგომა. „გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას“ დაემატა „ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვაც“.

ეს ცვლილებები ითვალისწინებს:

  1. დემონსტრაციის შესახებ წინასწარი შეტყობინებას: სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის აქციის გამართვის შესახებ შეტყობინება 5 დღით ადრე, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როცა აქცია ტროტუარზე იმართება.
  2. მკაცრ სანქციებს: წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, განმეორების შემთხვევაში კი,  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 1 წლამდე პატიმრობით.
  3. პოლიციის დისკრეცია: პოლიციას ენიჭება უფლება, თავად განსაზღვროს, არის თუ არა აქციის მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი გზის ან ტროტუარის დასაკავებლად.

კვალიფიციური იურისტების განმარტებით, გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.


23 მოქალაქის სასამართლო პროცესი, რომლებსაც ამ ცვლილებების მიხედვით იხილავენ, 2026 წლისთვის გადაიდო. ისინი მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაში, რომელიც ტროტუარზე გაიმართა. ამ საქმეებს იგივე მოსამართლეები უძღვებიან და მოქალაქეთა მოწინააღმდეგე მხარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იგივე იურისტები დგანან, ვინც მანამდე დემონსტრანტებს ტროტუარზე „დატევისკენ“ მოუწოდებდნენ.

ვინ არიან ტროტუარების კანონის პირველი მსხვერპლები:

1. ანი ახმეტელი პირველი დემონსტრანტია, რომელსაც მოსამართლე ზვიად ცეკვავა ასამართლებს იმის გამო, რომ აქციაზე უბრალოდ ტროტუარზე იდგა, რასაც „ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნად“ მიიჩნევს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ განხილვა თითქმის 3 საათს გაგრძელდა, გადაწყვეტილება არ მიუღია და სხდომა გადადო. ანი ახმეტელის სხდომაზე -ს წარმომადგენლებმა „აღიარეს“, რომ დემონსტრანტები ვალდებული არიან, დაელოდონ „უწყების ნებართვას“, იმის მიუხედავად, მანამდე განცხადების სახით გაფრთხილებას შეიტანენ თუ არა.

2. ელენე ჯღარკავა — კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანი. ელენე ჯღარკავას პატიმრობას ვერ შეუფარდებენ, იმის მიუხედავად, რა პრაქტიკაც არ უნდა დაამკვიდროს სასამართლომ –  მას 12 წლამდე ასაკის შვილი ჰყავს. ეს გარემოება კრძალავს სამართალდამრღვევისთვის პატიმრობის შეფარდებას. ასეთივე გარემოებაა შეზღუდული შესაძლებლობის ქონა, 18 წელს მიუღწევლობა, ქალის ორსულობა. ამ გარემოებების დაზუსტებისას ელენე ჯღარკავამ მოსამართლე მანუჩარ ცაცუას უთხრა, რომ მიუხედავად მისი შვილის მცირეწლოვანებისა, არ თვლის, რომ ეს გარემოება გამოყენებული უნდა იყოს მისთვის პატიმრობის არშეფარდებისთვის, თუ სასამართლო მას სამართალდამრღვევად ჩათვლის.

3. გიორგი ბულია — საზმაუს მარშის მონაწილე, მუსიკოსი.

4. ნორა ცინცაძე — 73 წლის პენსიონერი ქალი ჯანმრთელობის საყურადღებო გარემოებებით.

5. მარინა ჟვანია — განათლების სპეციალისტი.

„მჟავანაძის [ვასილ მჟავანაძე 1953-1972 წლებში იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი] დროიდან მოყოლებული, სულ ვარ პროტესტში, 1978 წელსაც აქ ვიყავი, 9 აპრილსაც. ყოველი მთავრობის დროს, თუ არ მომწონდა რამე, ვაპროტესტებდი, მაგრამ აი, ასეთი საშინელი მთავრობა,  ის კურსი, საითაც მიჰყავთ ქვეყანა, ის სისტემა, რომელსაც აშენებენ, ამ კორუმპირებული სისტემის მსგავსი არასოდეს არ მახსოვს”, — ამბობს მარინა ჟვანია.

6. მიხეილ ზაქარეიშვილი — იურისტი, ადვოკატი, რომელიც სასამართლოში საკუთარ ინტერესებს თავად იცავს. რას უყვება ნეტგაზეთს მიხეილ ზაქარეიშვილი მას შემდეგ, რაც მისი სხდომა გადაიდო:

„უცნაური პროცესი იყო. შსს-ს წარმომადგენელმა მითხრა, რომ როდესაც პოლიცია მოგიწოდებთ, უნდა გადახვიდეთ, წახვიდეთ ტროტუარიდან. რომ ვეკითხები, სად უნდა წავიდეთ, ერთხელ გვითხრა, რომ „ფასადზე“ იარეთო და დააზუსტა, კი არ იაროთ, დადექითო. შემდეგ გვითხრა, „პარლამენტის ეზოში დადექითო. არ არის აუცილებელი, რომ ვიღაცა დააბრკოლოო. თავისუფლების მეტროდან თუ ამოვიდა ვიღაც და ჩათვლის, რომ პარლამენტის წინ ვერ გაივლის და სხვა გზით წავა სახლში, ეს უკვე არის სამართალდარღვევაო. არაფერს ვაჭარბებ. ასეთ სახალისო ფრაზებს ვისმენთ, რადგან თვითონაც ხვდებიან, რომ ამ კანონის დაცვა ჩვენი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც არის შეუძლებელი. პროცესების გადადება იმას ემსახურება, რომ არ აწყობთ ახალი წლისთვის დაგვიჭირონ. მათი მიზანი კანონის აღსრულება კი არა, ხალხის შეშინებაა და იმის თქმა, რომ წამსვლელები ვართ, ტროტუარზე დგომისთვისაც დაგიჭიროთ.“

7. სანდრო მირცხულავა

8. გუგა სულხანიშვილი

9. გიორგი სტეპანოვი

10. მარიამ მაძღარაშვილი

11. ნიკა ბერიძე

12. მიხეილ ნაყეური

13. სანდრო მეგრელიშვილი

14. დიმიტრი ჯამბურია

15. ნუკრი კაკულია — იმავე მანუჩარ ცაცუამ, რომელმაც ახლა მისი ტროტუარის საქმე უნდა განიხილოს, ნუკრი კაკულია ოქტომბრის ბოლოს 2000 ლარით დააჯარიმა აქციაზე პოლიციის შეურაცხყოფისა და უმისამართო ლანძღვა-გინების საბაბით. მიუხედავად იმისა, რომ მას შსს-მ გინება ვერ დაუმტკიცა, მათ შორის, ვერც მტკიცებულებებად მოტანილი ვიდეოჩანაწერებით, მოსამართლემ აღნიშნა, რომ გაიგო სიტყვა „უზრდელო“ პოლიციელის მისამართით, რაც სამართალდარღვევაა და ჯარიმას იმსახურებს. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ იმ პოლიციელმა, ვის შეურაცხყოფასაც ედავებოდნენ კაკულიას, აქციაზე მყოფ ქალს რამდენიმე წუთით  ადრე „ძუკნა“ უწოდა.

16. გიო ჩაჩანიძე

17. ლუკა ნაგლიაშვილი

18. ნათია ჭავჭანიძე

19. სესილი ბუთხუზი

20. ლიზი უბილავა

21. ნატა ლაზიშვილი

22. თამარ გიორგაძე — თამარ გიორგაძის წინააღმდეგ სხდომა არც კი დანიშნულა. მან მხოლოდ შეტყობინება მიიღო, რომ სამართალწარმოება დაწყებულია. თამარ გიორგაძის წინააღმდეგ საქმე „გზის ხელოვნური გადაკეტვის საბაბით“ ასევე წარმოებაშია და მოსამართლე ნინო ენუქიძეს აბარია. სწორედ იმის გამო, რომ შსს მტკიცებულებების მოტანას ვერ ახერხებს, ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებაც იანვრის ბოლოსთვის არის გადადებული.

„რაღაც აერიათ, ეტყობა, მონასტერში. ახალ წლამდე ვერ გაბედეს ტროტუარის საქმეების ბოლომდე მიყვანა“, — თქვა თამარ გიორგაძემ მას შემდეგ, რაც ტროტუარის საქმეების განხილვა მოსამართლეებმა იანვრისთვის გადადეს და მისი საქმის განხილვაც დაუნიშნავი დარჩა ამ წელს.

23. მარიამ მელიქიშვილი

ანი ახმეტელის, ტროტუარის პირველი საქმის განხილვის მიმდინარეობისას, 25 დეკემბერს გააკეთა განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც თავისუფლად შეკრებასა და მანიფესტაციებს შეეხება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ტროტუარის საქმეების ყველა მონაწილეს 17-დან 21 დეკემბრამდე გამართულ აქციებზე დგომას ედავებიან. საქმეებზე განხილვის დასაწყებად, სანამ ერთმანეთის მიყოლებით ყველას გადადებდნენ, 2025 წელს სამი დღე იყო გამოყოფილი — 25, 26 და 29 დეკემბერი.

2025 წლის 21 დეკემბრიდან 2026 წლის 9 იანვრის ჩათვლით გასამართ აქციებთან დაკავშირებით იურისტ კახა წიქარიშვილის განცხადებებზე შსს-ს უკვე ჰქონდა რეაგირება და ამ განცხადებების პასუხად აქციების „კანონიერად“ გამართვის პირობები განუსაზღვრა დემონსტრანტებს.

როგორ დაბრუნდა კანონმდებლობაში აქციის შესახებ ხელისუფლების გაფრთხილებისა და ნებართვის აღების ვალდებულება

„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელი, ვახუშტი მენაბდე, რომელიც წლების განმავლობაში იყო სახალხო დამცველის აპარატის, ამის შემდეგ კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელი, იხსენებს შეკრებებისა და მანიფესტაციების მარეგულირებელ ნორმების წლების განმავლობაში ფორმირებას 2025 წლის დეკემბრამდე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოქმედებაში მოიყვანა ის, რაც მანამდე არცერთ ხელისუფლებას გაუკეთებია.

  • 2010 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც ითხოვდნენ შეკრებისა და მანიფესტაციების შემზღუდველი მთელი რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელები გააერთიანა, ერთად განიხილა და უკვე 2011 წლის აპრილში მიიღო გადაწყვეტილება, რითაც ომბუდსმენისა და საიას არაერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა. „ამ გადაწყვეტილებას, გარდა იმისა, რომ უსამართლო ნორმების დიდ ნაწილი გააუქმა, საფუძვლად დაედო კანონის რეფორმა“, — წერს მენაბდე.
  • 2011 წელს უკვე პარლამენტში განიხილეს მანიფესტაციის კანონის რეფორმა, საიას ჩართულობითა და მონაწილეობით. „საბოლოოდ კანონიდან გაქრა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც აქციის გამართვისას სახელმწიფოს გაფრთხილება აუცილებელია, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება“, — წერს მენაბდე და იხსენებს, რომ მიუხედავად იმისა, კანონში ეს ეწერა, ეს ნორმა აქამდე არავის აუმოქმედებია და ტროტუარზე დგომისთვის გაფრთხილება არ მოუთხოვია.

„2025 წლის 11 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ” 14 წლის წინ ბრძოლით მოპოვებული უფლება წაგვართვა და ეს აბსურდული ჩანაწერი კანონში დააბრუნა: „გათვალისწინებულია შსს-ს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის […] სავალ ადგილას იმართება.“ ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს წინასწარი პროცედურების გავლას სთხოვენ იმ ადგილას (ტროტუარი) დგომისთვის, რაც ისედაც მათთვის არის გამოყოფილი“, — წერს ვახუშტი მენაბდე.