ამ საკითხზე დონალდ ტრამპმა ისაუბრა 29 დეკემბერს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას.
„აზერბაიჯანი… კარგია, როცა ამ სიტყვის [სწორად] თქმა შეგიძლია“, – ასე დაიწყო ამ საკითხზე ტრამპმა საუბარი. მას წარსულში რამდენჯერმე შეეშალა როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის დასახელება.
„საერთოდაც, ისინი კარგი ხალხია“, – მიუგო ბენიამინ ნეთანიაჰუმ. აზერბაიჯანსა და ისრაელს თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროში ბოლო წლებში ახლო თანამშრომლობა აქვთ.
„ეგ ომი 35 წელი გრძელდებოდა. არავინ არ იცოდა ეს ამბავი. პუტინმა მითხრა, არ მჯერა, რომ ეგ ომი დაასრულე, რადგან მე ათი წელია ვცდილობო“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
„ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ერთ დღეში მოვაგვარე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ აქცენტი ვაჭრობაზე დასვა.
„ვუთხარი, ვაჭრობიდან ჩაგხსნით-მეთქი. ვაჭრობა არ გექნებათ-მეთქი. ორივეს ეს ვუთხარი… და შემდეგ 200%-იან ტარიფებს დაგიწესებთ-მეთქი. მეორე დღეს დარეკეს… 35-წლიანი ომის შემდეგ გაჩერდნენ“, – უთხრა ტრამპმა ნეთანიაჰუს.
· 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს.
· ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
· ნიკოლ ფაშინიანმა პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებს სატრანზიტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებებს მიანიჭებდა.
ფორუმი




