ოსური მედიის ცნობით, ახალგორელ აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლებამ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, შიმშილობის ფონზე ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
როგორც გამოცემა “საპა” წერს, ამის შესახებ მას მეარაყიშვილის ადვოკატმა ალან ბაზზაევმა განუცხადა.
მისივე თქმით, თამარ მეარაყიშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ გეგმავს.
თამარ მეარაყიშვილს, რომელსაც ცხინვალი “ჯაშუშობას” ედავება, ადგილობრივმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დახურული სასამართლო სხდომა ცხინვალში 24 დეკემბერს გაიმართა. სხდომას ვერ დაესწრნენ თამარ მეარაყიშვილის მშობლები და ახლობლები. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების უწყებამ [КГБ] 23 ნოემბერს, წინა ღამით დაკავებული თამარ მეარაყიშვილის მიმართ ბრალდება დააზუსტა – “დაკავებული ეჭვმიტანილია იმაში, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან აფელირებულ უცხოურ მედიასაშუალებებს ინფორმაციას გადასცემდა”. КГБ-ს განცხადებით, ჯაშუშობაში ბრალდებულ თამარ მეარაყიშვილს „მედიასაშუალებები იყენებდნენ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესების გასატარებლად“. “ამ ეტაპზე დაკავებულის მიმართ რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმის ფარგლებში ტარდება აუცილებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ეჭვმიტანილის შესაძლო თანამზრახველები და კავშირები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, – წერს სააგენტო “რეს” КГБ-ზე დაყრდნობით. თუმცა, უწყების წინა განცხადების მიხედვით, “გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ახორციელებდა ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას რესპუბლიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას“. მეარაყიშვილი წარსულშიც იყო დაკავებული. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა გასვლა ოკუპირებული ტერიტორიიდან.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ “არავის მისცემს უფლებას, რესპუბლიკაში არსებული ვითარება ამ რთულ პერიოდში არასტაბილური გახადოს”. ამის შესახებ მან ცხინვალში “ჯაშუშობაში” ბრალდებული ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
დაკავებამდე თამარ მერაყიშვილი აცხადებდა, რომ უშუალო შეხვედრას ითხოვდა გაგლოევთან მისი დოკუმენტების საკითხზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთკაციან აქციას აანონსებდა ცხინვალში.
გაგლოევის თქმით, არავის მისცემს უფლებას, გაუფუჭოს ბავშვებს დღესასწაული ცენტრალურ მოედანზე, სადაც მთავარი საახალწლო ნაძვის ხეა დადგმული, – “პროვოკატორები კანონის შესაბამისად აგებენ პასუხს”.
„თუ ვინმეს სურს, ბავშვებს ახალი წელი გაუფუჭოს, წავიდეს და პროტესტი თბილისის ცენტრში გამოხატოს“.
გაგლოევი, რომელმაც თავისი განცხადებით ფაქტობრივად აღიარა, რომ თამარ მეარაყიშვილი მისი დაანონსებული აქციის გამო დააკავეს, ამბობს, რომ ჩხრეკის დროს მეარაყიშვილს აღმოუჩინეს მისთვის დამამძიმებელი ფაქტები.




