ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის ადვოკატი – კობა გაბუნიას მხრიდან ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგ რამე ინფორმაციის მიწოდება არ მომხდარა – 100 %-ით გეუბნებით, შემრცხვება, თუ ტყუილი აღმოჩნდება, ეს არ ყოფილა!

კობა გაბუნიას მხრიდან ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგ რამე ინფორმაციის მიწოდება არ მომხდარა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, კობა გაბუნიას ადვოკატმა, გოჩა კვირიკაშვილმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გაბუნიამ თავად შეისწავლა საქმის მასალები, რის შემდეგაც სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართეს.
„გაბუნიამ ამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში მასალები შეისწავლა, მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდებოდა საქმესთან დაკავშირებით მოვლენები. გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ ამოწურულია მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობა და საჭირო არ არის პატიმრობაში ყოფნა, რის შედეგადაც სასამართლომ ეს აღკვეთის ღონისძიება შეცვალა. სასამართლოში შუამდგომლობა ჩვენ დავაყენეთ, რომ აღკვეთის ღონისძიება შეცვლილიყო, გარემოებებზე მივითითეთ და იმსჯელეს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ხომ არ მისცა კობა გაბუნიამ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგ ჩვენება და ეს ხომ არ გახდა მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საფუძველი, ადვოკატი კატეგორიულად გამორიცხავს, გაბუნიას ჩვენებას ქარსელაძის წინააღმდეგ.
„100 %-ით გეუბნებით, შემრცხვება, თუ ტყუილი აღმოჩნდება, გეუბნებით, რომ ეს არ ყოფილა. გამოძიება დარწმუნდა, რომ ქარსელაძე ამ საქმესთან მიმართებაში კავშირში არაა და [გაბუნიას] თანამშრომლობას ვერ ნახავთ. ეს ბატონი კობას საკურატორო სფერო იყო და ირაკლი ქარსელაძესთან მიმართებაში საგამოძიებო ორგანი დარწმუნდა, რომ აქ არაფერ შუაში არაა. ბატონი კობას მხრიდან ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგ რამე ინფორმაციის მიწოდება არ მომხდარა“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დაკავებული კობა გაბუნია პატიმრობიდან ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ დღეს გაათავისუფლეს. აღნიშნული გირაოს უზრუნველყოფა გაბუნიამ უძრავი ქონებით უნდა მოახდინოს.
ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნიაფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 ოქტომბერს დააკავა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – წარმოუდგენელია, რომ 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს – ცუდი ვითარებაა და ეს იყო „ოცნების“ გეგმა, დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ

პროკურატურა – დამნაშავედ ცნეს ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები, რომლებმაც არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა „ლიდერისთვის“