“TV პირველის” და “ფორმულას” დახურვა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას”- ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.
TI-იმ სატელევიზიო არხების შემოსავლების შესახებ ანგარიში დღეს, 30 დეკემბერს გამოაქვეყნა.
- ორგანიზაციის განცხადებით, 2024-2025 წლებში, პროსამთავრობო მაუწყებლებმა ჯამში, 89.5 მლნ ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, კრიტიკულმა ტელევიზიებმა კი (“მთავარი არხის” 2024 წლის მონაცემის ჩათვლით) თითქმის 4-ჯერ ნაკლები – 23 მლნ ლარის. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული ნათლად აჩვენებს იმ უზარმაზარ დისპროპორციას და სარეკლამო ბაზრის არათანაბარ განაწილებას, რაც პროსამთავრობო და კრიტიკულ მაუწყებლებს შორის ფიქსირდება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ შექმნილი ფინანსური პრობლებების გამო 2025 წელს მაუწყებლობა ვეღარ განაახლა 17-მა რეგიონულმა მაუწყებელმა. ფინანსური კრიზისის გამო დახურვის საფრთხის წინაშე არიან ქვეყნის მთავარი კრიტიკული მაუწყებლები – “ფორმულა” და “ტელეკომპანია პირველი”.
კრიტიკული მაუწყებლების დახურვა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას, დატოვებს რა მას მხოლოდ სამთავრობო დღის წესრიგისა და პროპაგანდის ამარა,” – წერს ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია.
სრული განცხადება იხილეთ აქ: transparency.ge




