იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება
ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტროენერგიის ქსელი მწყობრიდან გამოიყვანა. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება ჭირს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური ჯგუფები, მეორე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
კომპანიის განმარტებით, ამ დროისთვის ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას.
„უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის დაზიანება გამოიწვია დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალ, ისე დაბალ ქსელებში.
დაზიანების ადგილებზე რჩებიან სხვა რეგიონებიდან ჩასული დამატებითი ტექნიკური ჯგუფები. ისინი ადგილობრივ ენერგეტიკოსებს აღდგენით სამუშაოებში ეხმარებიან.
აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ ენერგომომარაგება სრულად არ აღდგება,“ – აცხადებენ კომპანიაში.