ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ0-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება.
ამასთან, ზვავსაშიშროების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ88 (ოფიტარა-ლენტეხი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„ამავე, საავტომობილო გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ოფიტარა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, დეპარტამენტის ცნობით, ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია,“ – აღნიშნავენ უწყებაში.




