მედია: პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლის ქართულ-ამერიკული ბაღი „მოგების გარეშე“

ნინო ბალავაძე, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.

ამ თანამდებობაზე ის 2024 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე კი საქართველოს პარლამენტში მუშაობდა უფროს სპეციალისტად. ორივე თანამდებობაზე მუშაობის დროს, მან გასულ წელს, ხელფასის სახით, 32 ათას ლარზე მეტი მიიღო.

ამავე პერიოდში, ანუ საჯარო სამსახურებში მუშაობის პარალელურად, ის კერძო სექტორშიც იყო დასაქმებული, კონკრეტულად კი შპს „დინ-გრუპში“ მუშაობდა ტრენერ-კონსულტანტად, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 56 403 ლარი იყო.

ნინო ბალავაძეს 2016 წელს, დაფუძნებული აქვს „ქართულ-ამერიკული საბავშვო ბაღი“, სადაც 50%-ნი წილის მფლობელია. წილის მეორე ნახევარს კი ეკა მანიჟაშვილი ფლობს.

ნინო ბალავაძის მეუღლე გიორგი არსოშვილი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112-ის დირექტორია.

ის, რომ ნინო ბალავაძე საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად ბიზნესსაც ფლობს, ამის შესახებ გიორგი არსოშვილის 2025 წელს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციიდანაც ირკვევა.

თუმცა მის ქონებრივ დეკლარაციაში არაფერი წერია ამ საბავშვო ბაღიდან მიღებულ შემოსავლებზე, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ-ამერიკული საბავშვო ბაღი“ ფუნქციონირებს და აღსაზრდელებსაც იღებს წლინახევრის ასაკიდან.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, საბავშვო ბაღში სწავლის საფასური თვეში 600 ლარია.

ნინო ბალავაძეს თავისი ბიზნესსაქმიანობისთვის შენობა იჯარით აქვს აღებული. მოიჯარე დავით ქირიკაშვილია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე „ქართული ოცნებიდან“.

დავით ქირიკაშვილის შენობა, სადაც „ქართულ-ამერიკული საბავშვო ბაღი“ ფუნქციონირებს, თბილისში, დელისის მე-3 ქუჩაზე (იგივე, რაც გაზაფხულის ქუჩა) მდებარეობს. შენობა ორსართულიანია, აქვს სარდაფი და ეზო. შენობის ფართობი მთლიანობაში 336 კვ. მეტრია სარდაფის ჩათვლით. ხოლო მთლიანი მიწის ფართობი, 535 კვ.მეტრია.

დავით ქირიკაშვილს, 2025 წელს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შენობა თვეში 1300 დოლარად აქვს იჯარით გაცემული. დეკლარაციაში ასახული აქვს იჯარიდან მიღებული შემოსავალიც – წლიური 42 ათასი ლარი.

შესაბამისად, 112-ის შეფს, გიორგი არსოშვილს ქონებრივი დეკლარაცია ან არაზუსტად აქვს შევსებული, ან შემოსავლებს მალავს.

თუმცა თავად ნინო ბალავაძე სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ შემოსავლებს ვერ იღებს.

„ბაღის დამფუძნებელი ვარ, მაგრამ რეალურად, ბაღი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ არ ამიღია არანაირი დივიდენდი, თუმცა ბაღი ისტუმრებს ხელფასებს, იჯარას იხდის და გააქვს თავი“, – ამბობს ნინო ბალავაძე.

რადგან ბაღს ამერიკული დაარქვით, ხომ არ გიქმნით „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკა დისკომფორტს, რადგან საჯარო მოხელე ხართ, თან აწარმოებთ ბიზნესს? – ვკითხეთ ნინო ბალავაძეს.

მისი თქმით, საბავშვო ბაღს „ამერიკული“ იმიტომ ჰქვია, რომ გაძლიერებულად სწავლობენ ინგლისურ ენას. „უცხოელი მასწავლებლები ნაკლებად გვყავს, ძირითადად ქართველი პედაგოგები არიან დასაქმებული“, – ამბობს ნინო ბალავაძე. თუმცა დასძენს, რომ პოლიტიკურ პოზიციებზე საუბარი არ უნდა.

„არ გვინდა არანაირ პოზიციებზე და ამ თემებზე საუბარი.

სიმართლე გითხრათ, მე არ მქონია არანაირი კვეთა რაიმე პრობლემასთან. ეს ბაღი მშვიდად, წყნარად მუშაობს, თავის თავს ინახავს და რა ვიცი აბა, რა გითხრათ“, – გვეუბნება ის.

დეკლარაციის მიხედვით, ნინო ბალავაძე საჯარო უწყების გარდა, კერძო სექტორშიც მუშაობს.

ამიტომ მას ვკითხეთ, „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ კანონში“ შეტანილი ცვლილება, რომელიც მეორე სამსახურში დასაქმებისას უფროსის ნებართვას ითხოვს, ხომ არ უქმნის რაიმე პრობლემას?

ნინო ბალავაძე ამბობს, რომ არა.

„არ შემიქმნის, რადგან არსებობს ჩამონათვალი (სამსახურების), რომელიც არ უქმნის დასაქმებულს პრობლემას.

არც ბიზნესის წარმოებაში მიშლის ხელს, რადგან „ბიზნესის წარმოება“ მესმის, როცა რეალურად შემოსავალს იღებ ამ ბიზნესიდან. შესაბამისად, თუ მომავალში რამე ცვლილებები მექნება და ჩემს სამსახურს შეუშლის ხელს, ან ერთ სამსახურს დავანებებ თავს და ან მეორეს. მაქსიმალურად ვეცდები, რომ არ შევიქმნა არანაირი პრობლემა ამ კუთხით“, – ამბობს ნინო ბალავაძე.

ნინო ბალავაძის პროფილი სოციალურ ქსელებში ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა მისი ბიზნესპარტნიორის ფეისბუქის გვერდით თუ ვიმსჯელებთ, ბევრს მოგზაურობს ევროპასა და ამერიკაში.

არსოშვილის ქონებრივ დეკლარაციაში, მეუღლის მოგზაურობის ხარჯებზეც არაფერია მითითებული.

ნინო ბალავაძე წინანდალში 1801 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთსაც ფლობს, რომელიც 2023 წელს შეიძინა 8000 დოლარად და ჰყავს ორი მეწილეც.

ამავე წელს, ასევე 8000 დოლარად შეუძენია მიწა მცხეთაში.

უფრო ადრე კი, 2020 წელს, 75 კვ. მეტრი ბინაც შეუძენია ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, ზღვასთან ახლოს, 76 627 ლარად.

არსოშვილების ოჯახი თბილისში, რუსუდან მიქელაძის ქუჩაზე ცხოვრობს სახლში, რომლის ფართობიც 700 კვ.მეტრზე მეტია.

ნინო ბალავაძის საკუთრებაში არსებული მიწა წინანდალში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბოლო ორი წელია ღიად აწარმოებს ანტიდასავლურ კამპანიას. 2024 წლის ნოემბერში, ევროინტეგრაციის პროცესიც ოფიციალურად შეაჩერეს 2028 წლამდე. „ოცნების“ ხელისუფლების მიერ ღიად კონსტიტუციის ხელყოფა, მხოლოდ საჯარო მოსამსახურეების ნაწილმა გააპროტესტა, რომელთა უმრავლესობა სამსახურებიდან ე.წ „რეორგანიზაციის“ საფუძველზე გაუშვეს.

„ოცნების“ მაღალჩინოსნები „დიფსტეტად“ მოიხსენიებენ საქართველოს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს. რუსული კანონების მეშვეობით კი ფაქტობრივად მტრად გამოაცხადეს ყველა, ვინც დასავლური ფონდებიდან იღებდა ფინანსურ მხარდაჭერას.

თუმცა, დასავლურ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ასწავლიან თავიანთ შვილებს. უარეს შემთხვევაში, საქართველოში დაარსებულ ამერიკულ თუ ევროპულ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაჰყავთ შვილები, ან თავად ცდილობენ დააარსონ დასავლურთან აფელირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ისევე, როგორც ეს გააკეთა ნინო ბალავაძემ, რომლის მეუღლეც იმ უწყებას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ტროტუარზე დგომის გამო ციხეში უშვებს.

 

____

„ოცნების“ ხელისუფლებამ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ შემოიღეს რუსული კანონები, მათ შორის ე.წ ფარა, რომელიც „მტრულ საქმიანობად“ აცხადებს დასავლურ ფონდებთან თანამშრომლობას, რომელიც რეალურად, ქვეყანაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ემსახურებოდა. ცდილობენ დაასუსტონ ან სრულად გააქრონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება და ორგანიზაციები.

იწყებენ განათლების რეფორმას, რომელიც ასევე ქართული საგანმანათლებლო სისტემის იზოლაციას იწვევს და ხერგავს გზებს, დასავლეთთან.

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მხრიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის სიძულვილის ენა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების, ასევე ევროპული ღირებულებების მისამართით. ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ სამსახურში მყოფი მაღალჩინოსნები უარს არ ამბობენ, ევროპულ სიკეთეებზე.