არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში დეკანოზი მიქაელ ბოტკოველის წერილს ავრცელებს.
წერილში აღნიშნულია, რომ არქიმანდრიტის მიერ გაკეთებული განცხადებები ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ პერსონალურად კომისიის წევრებისა, არამედ პატრიარქისაც.
წერილში ეპარქიალური კომისია არქიმანდრიტ შიოს მოუწოდებს დაფიქრებისკენ, რომ შეწყვიტოს მსგავსი განცხადებები და გამოთქვას სინანული – “ანუ მომიწოდეს სიკვდილისკენ, მომიწოდეს იმისკენ, რომ გავხდე მათნაირი – დადუმებული უსამართლობაზე და ძალადობაზე” – წერს არქიმანდრიტი.
კვლავ უსამართლობის წყურვილი
გუშინ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მომწერა, ვციტირებ:
„თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებები (როგორც ტაძრის ამბიონიდან, ისე საჯარო სივრცეში) არის ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი არა მხოლოდ პერსონალურად კომისიის წევრებისა, არამედ პატრიარქისაც, ვისი კურთხევითაც მოქმედებს კომისია“,
და მაუწყა, რომ ეპარქიალური კომისია მომიწოდებს დაფიქრებისკენ და რომ შევწყვიტო მსგავსი განცხადებები და გამოვთქვა სინანული.
ანუ მომიწოდეს სიკვდილისკენ, მომიწოდეს იმისკენ, რომ გავხდე მათნაირი — დადუმებული უსამართლობაზე და ძალადობაზე. მომიწოდეს ბოდიში მოვიხადო მართალი სიტყვისთვის. ნუ იყოფინ. ამას უყოყმანოდ სიკვდილს ვამჯობინებ.
„გამშორდი სატანა, საცდური ხარ ჩემთვის, რადგან არ ფიქრობ ღვთისას, არამედ კაცისას“ (მთ. 16,23).
პირველი ბრალდება არის „ისმინე ეგზარქოსო“ — ამ სიტყვებით დასათაურებული მაქვს ერთ-ერთი ჩემი ინტერვიუ, სადაც კონკრეტულად სახელობით არავისთვის მიწოდებია ეგზარქოსი; უბრალოდ სათაურად შევარჩიე. საკვირველია, ამ სიტყვებში ვინ და რატომ დაინახა თავისი თავი და ვის ღრღნის ეჭვი, რომ ეგზარქოსია? ფაქტი ერთია: კომისიის წევრებიდან რომელიღაცამ ინტერვიუს ამ სათაურში თავისი თავი იეჭვა და სწორედ ამ ეჭვის ნიადაგზე სიტყვები „ისმინე ეგზარქოსო“ ბრალი წამიყენა.
რა ჰქვია საქციელს, როცა დარაჯებს აძლევ ბრძანებას, რომ არქიმანდრიტები არ შეუშვან საპატრიარქოში, რაც მოხდა მამა ილიას გასამართლების დღეს, როცა მისი მოძღვარი — არქიმანდრიტი დოროთე, იღუმენი ანდრია და მე ვითხოვდით შესვლას?
რა ჰქვია საქციელს, როცა რჯულის კანონი შენს პირად ინტერესებზე გაქ მორგებული და კომისიაზე მბრალდებელი, ბრალდებული, დაინტერესებული პირი და მოსამართლე — ყველაფერი თვითონ ხარ, და არქიმანდრიტს ისე უჩერებ მღვდელმოქმედებას, რომ არა თუ არ იბარებ, არამედ არც კი მიიჩნევ საჭიროდ აუწყო, რომ მის საქმეზე კომისია იკრიბება — უსამართლობა ხომ არა?
რა ჰქვია საქციელს, როცა მამა დოროთე კომისიაზე დაიბარეთ და არც კი აუწყეთ, ისე წინა დღეს დასაჯეთ, თითქოს პატრიარქმა დასაჯაო და არა კომისიამ? ამით ვერც კი ხვდებით, რომ პატრიარქს უსამართლობაში ცილი დასწამეთ — თითქოს მან, თქვენსავით, მოსმენის გარეშე დასაჯა მღვდელი. ამას ხომ ანა, კაიაფა და პილატეც არ აკეთებდნენ: მათ ხომ ქრისტე სამსაჯავროს წინაშე დააყენეს და თავის მართლების საშუალება მისცეს, თქვენგან განსხვავებით.
რა ჰქვია საქციელს, როცა ჯერ პატრიარქის ხელმოწერილ დოკუმენტს აქვეყნებ მამა დოროთეს დასჯაზე და შემდეგ — კომისიის შუამდგომლობას პატრიარქთან? ცრუ დოკუმენტი ხომ არა? შემთხვევით თანმიმდევრობა ხომ არ აგერიათ, ან იმის იმედი ხომ არ გქონდათ, რომ ვერავინ შეამჩნევდა? თუ იცოდით, რომ გაგივიდოდათ ეს ყველაფერი და არც კი გაინტერესებდათ წესი, სამართალი და რჯული?
რა ჰქვია საქციელს, როცა მამა დოროთეს შეურაცხყოფას აყენებენ სასულიერო პირები და ჩინოვნიკები: ერთნი უსინდისოს, ეგრედ წოდებულ არქიმანდრიტს და მწვალებელს უწოდებენ, მეორენი კი — გოთვერანს, და თქვენ მათ ნადიმებს უმართავთ. მიკერძოება ხომ არა? რომელი ერთი მათგანი დასაჯეთ ან დაიბარეთ თქვენს „სამართლიან“ კომისიაზე, ან შენიშვნა მაინც თუ მიეცით?
ნუთუ ეს ყოველივე არ მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი სამართალი აღარ არის მართლმკვეთელი? ნუთუ ეს ოკუპაცია არ არის? ნუთუ ამ ყველაფრის მერე უნდა მინდოდეს მეუფე შიოს მოსაწონი და მისგან დაჯილდოებული ვიყო? ნუ იყოფინ!
თუ ყურადღებით დააკვირდებით — და ვიცი, რომ გვაკვირდებით — ნახავდით, ალბათ, რომ მათგან განსხვავებით მე არავის მოვიხსენიებ მსგავსი სიტყვებით, არამედ მათ ქმედებებს ვაფასებ. მერწმუნეთ, არის სხვაობა შეურაცხყოფასა და შეფასებას შორის: მაგალითად, „გოთვერანი“ და „უსინდისო“ შეურაცხყოფაა, ხოლო „უსამართლობა“, „ოკუპაცია“, ,,სუდარაგადაფარებული” მოვლენის შეფასებაა.
როცა ვამბობ, რომ „ქართულმა ოცნებამ სუდარა გადააფარა ეკლესიას“, აქ შეურაცხყოფაში ან ცილისწამებაში რა იგულისხმეთ და რა გეწყინათ — ქართული ოცნების კრიტიკა, თუ თქვენი დუმილი და თქვენგან დაუცველი სამწყსო, რომელიც რეჟიმმა ჯერ სცემა და აწამა, და შემდეგ ქიმიური იარაღით დაწამლა? სწორედ ამ ყველაფერზე დუმილისა და ქართველი ხალხის მგლებისთვის შეტოვების გამო ვუწოდე საპატრიარქოს სუდარაგადაფარებული.
და ბოლოს — მეცინება. მეცინება იმაზე, რომ მეუფე ზენონის მიერ ნათქვამი სიტყვები: „არასდროს ასეთი ბნელი დროება არ ჰქონია ეკლესიას, როგორიც ახლა აქვს. მეუფე შიოს აქვს მოსკოვის საპატრიარქოს მხარდაჭერა, ეკლესიასაც სძინავს და სახელმწიფოსაც სძინავს“, — მეუფის ეს სიტყვები მე წამიყენეთ ბრალდებად. რა ხდება, მეუფე ზენონს ვერ შებედეთ და ჩემზე იყრით ჯავრს? თუ მეუფე ზენონის ინტერვიუს გაზიარებაში მადანაშაულებთ? თუ ჩემი გასამართლება იმდენად გწყურიათ და დაგიბნელდათ გონება, რომ სხვის ნათქვამს მე მომაწერთ? და ვინ გამოდის ცილისმწამებელი?
P.S. და ბოლოს, შემდეგისთვის რომ იცოდეთ: მართალი არქიმანდრიტები მართალი სიტყვისთვის ბოდიშს არ ვიხდით და არც უკან ვიხევთ. ნუ იყოფინ!
დაე ქრისტე ღმერთმა განსაჯოს ჩვენ შორის მართალი.
არქ. შიო კვარაცხელია.
ეს კი დეკანოზ მიქაელ ბოტკოელის მოწერილი წერილია:
არქიმანდრიტ შიოს (კვარაცხელია)
“თქვენს მიერ გაკეთებული მწვავე განცხადებები, (როგორც ტაძრის ამბიონიდან, ისე საჯარო სივრცეში), არის ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი არა მხოლოდ პერსონალურად კომისიის წევრებისა, არამედ პატრიარქისაც, ვისი კურთხევითაც მოქმედებს კომისია.”
! ისმინე ეგზარქოსო.ნათლად ჩანს რომ მეუფე შიოს საპატრიარქო ოკუპირებული აქვს.
5 ნოემბერს.
“მინდა აღვნიშნო ის ქმედებები, რაც საპატრიარქოში ხდება. მეუფე შიომ ერთმანეთის მიყოლებით დასაჯა პატრიარქის ნაკურთხი მღვდლები. მამა დოროთე წინამძღვრობიდან გადააყენა, შემდეგ მამა ილიას მღვდლობა შეუჩერა. სიმართლე გითხრათ, მირჩევნია მეუფე შიოსგან დასჯილი ვიყო, ვიდრე მისგან დაჯილდოვებული. ღმერთმა დამიფაროს ვიყო ისეთი მღვდელი, რომელიც მოსაწონია მეუფე შიოსთვის. იმიტომ, რომ მისი სამსჯავრო არ არის მართლმკვეთელი, ანუ სწორად არ ანაწილებს სიმართლეს. მის კომისიაზე ხდება ცრუ კომისიის დოკუმენტების გამოტანა, რომელსაც მერე პატრიარქს მოტყუებით აწერინებენ ხელს. ამიტომ ვამბობ, რომ ღმერთმა დამიფაროს მისგან და მისნაირებისგან საქებარი მღვდელი ვიყო. როგორც საქართველო, ასევე ეკლესია დღეს არის ოკუპირებული. როგორც ქართულმა ოცნებამ მოახდინა ოკუპირება სახელმწიფო ინსტიტუტების, მაგრამ ვერ მოახდინა ჯანსაღი საზოგადოების ოკუპაცია, ასევე მეუფე შიომ მოახდინა საპატრიარქოს ოკუპაცია, მაგრამ გარკვეულ სასულიერო პირებს ვერ უხერხებს ოკუპაციას და ამიტომაც არის, რომ სჯის მათ ერთმანეთის მიყოლებით.”
10 ნოემბერს
,,არასდროს ასეთი ბნელი დროება არ ქონია ეკლესიას, როგორიც ეხლა აქვს”
,,მეუფე შიოს აქვს მოსკოვის საპატრიარქოს მხარდაჭერა”
,,ეკლესიასაც სძინავს და სახელფწიფოსაც სძინავს”
*29 ნოემბერს*
“ქართულმა ოცნებამ ეკლესიას სუდარა გადააფარა, როგორც მიცვალებულს. საპატრიარქოს გარკვეულმა ჯგუფმა და ზოგიერთმა სასულიერო პირმა ეს სუდარა შემოიხვია. მამა დოროთე კი ცდილობს ეს სუდარა მოხსნას საქართველოს ეკლესიას და ამის გამო სჯიან.”
15 დეკემბერს
ქრისტე მაცხოვრის შობის მოახლოებული დღესასწაულის წინ, ეპარქიული კომისია მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს ქმედებებზე, შეწყვიტოთ მსგავსი განცხადებები და გამოთქვათ სინანული.
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.” – წერს არქიმანდრიტი.




