1 იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ტურისტი ვალდებულია თან იქონიოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისი – ახალი რეგულაცია

2026 წლის 1 იანვრიდან „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ტურისტი ვალდებულია თან იქონიოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
პოლისის სადაზღვევო თანხა სავალდებულოა შეადგენდეს არანაკლებ 30 000 ლარს. პოლისი შეიძლება გაცემული იყოს როგორც ქართული, ასევე უცხოეთის სადაზღვევო კომპანიის მიერ.
პოლისში აუცილებელია მითითებული იყოს შემდეგი მონაცემები:
· დაზღვევის მხარეები;
· დაფარული ტერიტორია;
· დაზღვევის საგანი;
· დაზღვევის დაწყებისა და დასრულების დრო;
· სადაზღვევო რისკები და სადაზღვევო თანხის ოდენობა (ლიმიტები);
· სადაზღვევო შესატანის მოცულობა, გადახდის ადგილი და ვადა.
ზემოხსენებულთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ ტურისტს ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევა საჭიროა დაზღვეული ჰქონდეს საქართველოში შემოსვლიდან მისი დაყოვნების სრულ პერიოდზე.
პოლისის ქონის ვალდებულება არ ვრცელდება:
· დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მფლობელ პირებზე;
· დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტის მფლობელ პირებზე;
· საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების აკრედიტებულ თანამშრომლებზე, აგრეთვე თანამშრომელთა იმ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც აქვთ აკრედიტაცია;
· პირებზე, რომელთა საქართველოში შემოსვლა გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებებით ან ხელშეკრულებებით;
· საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებსა და სამგზავრო გადაყვანებში ჩართულ მძღოლებზე.
„საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N602 დადგენილების ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2026 წლის 1 იანვარი.