რას სთხოვდნენ ვასილ კაძელაშვილს თავისუფლების სანაცვლოდ — წერილი ციხიდან

დღეს, 29 დეკემბერს, სინდისის პატიმრის, ვასილ კაძელაშვილის წერილი გავრცელდა, სადაც ის წერს, რომ დაკავებამდე, თავისუფლების სანაცვლოდ შესთავაზეს, რომ “იმედის” ეთერში, წინასწარ დაწერილი ტექსტი წაეკითხა.
ვასილ კაძელაშვილი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებში მონაწილეობისთვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. 9-თვიანი სასამართლო სხდომების დასასრულს, მას და მასთან ერთად 8-პირიან ჯგუფურ საქმეში ბრალდებულ კიდევ შვიდ პირს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალი შედარებით უფრო მსუბუქ მუხლზე გადაუკვალიფიცირა. კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
რას წერს ვასილ კაძელაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში:
„მოგესალმებით! მადლობა მოკითხვისთვის, მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. ციხის კედლებიდან ყველაზე მეტად ჩანს თქვენი ერთგულება, გაფასებთ და მიყვარხართ. დაკავებამდე, გაყალბებული და დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, თავისუფლების სანაცვლოდ, შემომთავაზეს „იმედის“ ეთერში დაჯდომა და დაწერილი ტექსტის წაკითხვა, თუმცა ვერ გამტეხეს და ციხეში წასასვლელად გავემზადე. ახლა, როცა ვითომ პრეზიდენტის შეწყალების საკითხი დადგა, მინდა გითხრათ: 2025-საც ციხეში შევხვდით, 2026-საც ციხეში შევხვდებით, 2027-საც და იმდენ წელს, რამდენიც ჩვენს ქვეყანას დასჭირდება. არავის წინაშე ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი და ვერაფერს ვაღიარებთ, რაც არ ჩაგვიდენია. გილოცავთ დამდეგს. მომავალი წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა და წინსვლის წელი. ბოლომდე!“ — წერს ვასილ კაძელაშვილი.
ის გარემოებები, რასაც ვასილ კაძელაშვილი წერილში წერს, მას პირველად არ გაუსაჯაროებია. ამასთან დაკავშირებით მან სასამართლოში, განაჩენის გამოტანამდე, თავის საბოლოო სიტყვაშიც ისაუბრა 29 აგვისტოს:
„სულ მინდოდა, სასამართლოზე მეთქვა და თავს ვიკავებდი. კადრები რომ გავიდა „იმედზე“, ბევრმა მეგობარმა დამირეკა. ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი. ბოლოსაც ერთი წლის წინ ვიყავი ევროპაში. შემეძლო, რომ იმ კადრების გასვლის მომენტიდან ავმდგარიყავი და წავსულიყავი. მაგრამ სიმართლესა და ტყუილს შორის სიმართლე ვამჯობინე, რომ ტყუილი დამემარცხებინა. ამიტომ დავრჩი და არ წავედი. მეორე დილას მირეკავს ერთ-ერთი ჩემი მეზობელი, რომელთანაც არ მაქვს ისეთი ურთიერთობა… მეუბნება, შეხვედრა მინდაო. კი ბატონო, შევხვდეთ-მეთქი. თან გამიკვირდა, არ მაქვს მასთან ახლო ურთიერთობა. შევდივარ და შესასვლელში ტელეფონს მატოვებინებს. ვსხდებით „ზალაში“ და შეგრძნება მაქვს, იმ სახლში კიდევ ვიღაც იმყოფება. მეუბნება ისეთ რამეს… მთელი ეს 9 თვე, რაც გავიარე, მაშინვე მომიყვა: რა დამემართებოდა, თუ მათ დაწერილს, ტელევიზიით არ გამოვიდოდი, ან ჩანაწერს არ გავაკეთებდი და ისე არ ვიტყოდი. მაგრამ მე ჩემი ვქენი. მე დღეს აქ ვარ და ამ ბიჭების გვერდით ვარ. მე სიმართლის მხარეს ვარ და ამ ყველაფერში ჩემი ოჯახი დამეხმარა“, — თქვა სასამართლოში ვასილ კაძელაშვილმა. მისი საბოლოო სიტყვის სრულად სანახავად, გადადით ბმულზე.
სხვა დეტალები, კონკრეტულად რა ტექსტის გაჟღერებას ელოდნენ ვასილ კაძელაშვილისგან პროპაგანდისტული „იმედის“ ეთერით, უცნობი რჩება.
პოლიტიკური მოტივებით გასამართლებული ვასილ კაძელაშვილისა და ვეფხია კასრაძის წინააღმდეგ მთავარი „მტკიცებულება“ მათ დაკავებამდე ორი დღით ადრე „იმედის“ მიერ გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერია, სავარაუდოდ, აქციიდან, სადაც ჯერ პროსამთავრობო პროპაგანდისტული არხის და შემდეგ პროკურატურის მტკიცებით, კაძელაშვილი და კასრაძე „ქართული ოცნების“ წევრების ქონების დაზიანებასა და დივერსიის მოწყობას გეგმავდნენ, რადგან „ქართული ოცნება“ თავისით არ წავა“. თუმცა არც ვიდეოს ავთენტურობა დადასტურებულა, არც ის, როდის, სად და რა გარემოებებში იყო გადაღებული.
ადვოკატების განმარტებით, ავთენტურობა რომც დადასტურებულიყო, ორ კერძო პირს შორის საუბარი დანაშაულად რომ ჩაითვალოს, საუბარს ქმედება უნდა მოჰყვეს.
საბოლოოდ არც ვასილ კაძელაშვილს და არც მასთან ერთად მსჯავრდებულ სხვა პატიმრებს, არც ძალადობა დადასტურებიათ და არც ძალადობის ორგანიზება. პროკურატურას არ წარმოუდგენია სასამართლოში არცერთი მტკიცებულება, არ მოუყვანია არცერთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულების მიერ მიყენებულ ზიანს, მათ ჯგუფურობას და მით უფრო ამ ჯგუფის ორგანიზებულობას. თუმცა მუხლი, რომელზეც გადაუკვალიფიცირეს ბრალი (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლიდან 226-ე მუხლზე), მაინც მოიცავს ორგანიზებულ ქმედებას, საზოგადოებრივი წესრიგის დასარღვევად.