უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გაგრძელდება, აშშ და ევროპა კიევისთვის დახმარების გაწევას გააგრძელებენ.
კითხვაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს აშშ, თუ რუსეთი ომს გააგრძელებს და სამშვიდობო შეთანხმებას უარყოფს, ზელენსკიმ უპასუხა:
„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ, ამერიკელებთან ერთად, გვჯერა – ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია გვაქვს – რომ ომი დიპლომატიური გზით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, თუ ომი გაგრძელდება, ამერიკელები ევროპელებთან ერთად უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ, რადგან ჩვენ ამ ომში თავს ვიცავთ, ვიბრძვით და ჩვენ არ ვართ აგრესორები“.
მისი თქმით, რუსეთს სურს უკრაინაზე ზეწოლის გაგრძელება რაკეტებით, არტილერიით და ა.შ. რაც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომავალი შეთანხმებების სიმტკიცეს.
„უკრაინას ჰქონდა ბუდაპეშტის მემორანდუმები, მაგრამ მათ არ იმუშავეს. შემდეგ იყო მინსკის შეთანხმებები, რასაც სრულმასშტაბიანი ომი მოჰყვა. მთელმა ამ დოკუმენტებმა არ იმუშავა. ახლა ჩვენ შევთანხმდით ამერიკელებთან, რომ გვექნება უსაფრთხოების გარანტიები, რომელსაც მხარს დაუჭერს აშშ-ის კონგრესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, და უკრაინის პარლამენტი. უსაფრთხოების გარანტიებზე კენჭისყრა ორმხრივად გაიმართება“, – განაცხადა ზელენსკიმ.




