აშშ-ს ადმინისტრაციამ გაიგო თუ რა მნიშვნელობა აქვს რუსეთ-უკრაინის ომს, მსოფლიო მშვიდობისთვისა და დღის წესრიგისთვის – რუსეთის მოთხოვნები შეუძლებელია, რომ რომელიმე დამოუკიდებელმა ქვეყანამ შეასრულოს, რადგან ეს ფაქტობრივად კაპიტულაციაა, – ასე აფასებს „თავისუფლების მოედნის“ გენერალური მდივანი ბაკურ კვაშილავა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში” 28 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტს, სადაც აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა.
ბაკურ კვაშილავას თქმით, არ არსებობს რაიმე სცენარი, რომლის მიხედვითაც რუსეთი შესაძლოა ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოვიდეს.
„ყველასთვის, მათ შორის საქართველოსთვისა და ქართველებისთვის ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო იქნება თუ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება და შეწყდება ის ტანჯვა, რომელსაც უკრაინელი ხალხი განიცდის. შეფასებები ორივე მხრიდან დადებითი იყო, უკრაინა და ამერიკა რჩებიან მოკავშირეებად. ფაქტია, რომ პიროვნულ დონეზე ტრამპმა და ზელენსკიმ ერთმანეთს გაუგეს, აშშ-ს ადმინისტრაციამ გაიგო თუ რა მნიშვნელობა აქვს რუსეთ-უკრაინის ომს, მსოფლიო მშვიდობისთვისა და დღის წესრიგისთვის. აგრესორს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ძალის მეშვეობით მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის.
ტრამპმა უკრაინის შეხედულებები გაითავისა ომთან დაკავშირებით. ესმის, რომ რუსეთის მოთხოვნები შეუძლებელია, რომ რომელიმე დამოუკიდებელმა ქვეყანამ შეასრულოს, რადგან ეს ფაქტობრივად კაპიტულაციაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა.
არ არსებობს რაიმე სცენარი და ვარიანტი, რომელიც გულისხმობს, რომ რუსეთი ამ ომს მოიგებს. რუსეთი ამ ომიდან უფრო დასუსტებული გამოვა. შეუძლებელია, რუსეთმა მიითვისოს ტერიტორიები ისე, რომ მას ფინანსური და ეკონომიკური სანქციები არ დარჩეს. დღეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმაზე, თუ რა პირობებში და როდის იქნება შესაძლებელი რუსეთის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნდება. რუსეთი დღეს ცივილიზებული სამყაროს მიღმაა და ისე ოპერირებს, ზუსტად ამ მდგომარეობაშია ჩვენი ხელისუფლებაა. ეს პარალელი რუსეთთან გვაქვს. რუსეთი იმიტომ არის ასეთ მდგომარეობაში, რომ ის სხვა ქვეყანას დაესხა თავს, ჩვენი მთავრობა კი იმიტომ, რომ საკუთარ ხალხს დაერია“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ბაკურ კვაშილავამ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობისა ორგანიზებისთვის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორისთვის, ოთარ რომანოვ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაც შეაფასა. კვაშილავას შეფასებით, „შეუძლებელია ამ მთავრობის პირობებში რომელიმე საქმეს, რომელსაც საზოგადოებისთვის მნიშვნელობა აქვს, პოლიტიკური ნიშანი მოსცილდეს“.
„ფარცხალაძე „ქართულ ოცნებაში“ მაღალ თანამდებობას იკავებდა, ამის შემდეგ იყო „ქართული ოცნების“ ხაზინადარიც და უდიდესი გავლენის მქონე პირიც, რომელიც აშშ-ს მთავრობამ რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლად დაასახელა და დაასანქცირა და გვახსოვს, როგორ იცავდა მთელი სისტემა და „ქართული ოცნება“ მას კბილებით. ასევე, ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი, რომელმაც სპეციალური ბრძანებულება გამოსცა და საშუალება მისცა, რომ გადაემალა თანხები, რომელიც ანგარიშზე ჰქონდა, რომელსაც ეროვნული ბანკში უმაღლესი თანამდებობის პირების სამსახურიდან წასვლა მოჰყვა. „ქართული ოცნება“ შინაარსობრივად და ფუნდამენტურად არის დაკავშირებული კრიმინალურ ჯგუფებთან და ფულის შავად შოვნასთან. აქედან გამომდინარე, ის რაც ხდება, არის ერთი კლანის დაპირისპირება, მეორე კლანთან. გამოდის, რომ იმ კლანმა გაიმარჯვა, რომელიც ფარცხალაძეს ებრძვის და შესაბამისად ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მთელი ეს კორუფციული დაპატიმრებების სერია სხვა არაფერია თუ არა „ოცნების“ შიგნით უკანონო ფულისა და შემოსავლების გადანაწილება. ეს ყველაფერი შიდა კლანური დაპირისპირებაა, რომელიც, სავარაუდოდ, საერთაშორისო კრიმინალთან არის დაკავშირებული. „ქართული ოცნება“ დაკავებულია კონსტიტუციის დარღვევით და მსოფლიოსთვის დასაცინი კანონების შემოღებით, როგორიც არის ტროტუარზე დგომის აკრძალვა. ამაზე დიდ იდიოტობას, რომელიმე ხელისუფლება თუ მოიფიქრებდა, წარმოუდგენელი იყო ჩემთვის“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.
ასევე, ბაკურ კვაშილავამ სასურსათო ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, შეუძლებელი გახდა, ქვეყანაში ამ კუთხით არსებული მდგომარეობის დამალვა.
„მიუხედავად სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციისა, რომლის მიხედვითაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანას 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს, ამის პარალელურად, შეუძლებელი გახდა იმის დამალვა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მოსახლეობის 80%-ისთვის მდგომარეობა გაუარესდა. სტატისტიკის სამსახურს, რომელიც გვეუბნება, რომ 5%-დან 7%-მდეა ინფლაცია ან კიდევ უფრო დაბალი, სამომხმარებლო კალათაში ისეთი პროდუქტები აქვს ჩამატებული, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ იყენებს, ამიტომ თავის მოტყუება შეუძლებელი გახდა. მათ მიერ მართულმა მედიებმა და მათმა ეკონომიკურ-ანალიტიკურმა შოუებმაც ვერ შეძლეს ამ ყველაფრის გამართლება. ესენი არათუ ეკონომისტები, არამედ იურისტებიც არ არიან, რადგან ტროტუარზე დგომა აკრძალეს და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდიან“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.




