„არც ბავშვზეა ნაფიქრი და არც მასწავლებელზე“ – პედაგოგი შუახევიდან „ოცნების“ განათლების რეფორმაზე

„ვფიქრობ, ხალხსა და ხელისუფლებას შორის საერთოდ აღარ არსებობს ხიდი. ტიპური დისკრიმინაციაა სოფლად მცხოვრები ადამიანების და ჩემი აზრით, ფიქრის დონეზეც კი არ არის ნაფიქრი განათლების ამ რეფორმაზე“ – ამბობს დაბა შუახევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ქამადაძე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე.

მისი შეფასებით, საჯარო სკოლებში მე-12 კლასების გაუქმება გამოიწვევს იმას, რომ სოფელი კიდევ უფრო დაიცლება, ხოლო ვინც სოფლად დარჩება, მათი უფლებები იქნება დარღვეული.  სახელმწიფო ვალდებულია, ყველა მოქალაქეს თანაბარი უფლებები შეუქმნას განათლებაშიც და სხვა სფეროებშიც, ახალი რეფორმა კი ამის საშუალებას არ იძლევა.

„სოფელი ისედაც იცლება და  ბოლო დროს  სოფელში მცხოვრებებს რაც აკავებთ, ეს არის სკოლა. სკოლაში დასაქმებული ადამიანები არიან სოფელში და მათი ოჯახის წევრები. არასწორმა სოციალურმა პროგრამებმა სოციალურად დაუცველთა ოჯახებიც კი აიძულა ქალაქში გადასულიყვნენ, იმიტომ, რომ იქ უფასო სასადილოებში სადილობენ და ცხოვრობენ მარტივად.

სკოლებს, ბუნებრივია, ექნებათ მე-12 კლასის გაუქმებით პრობლემა. ჯერ ის, რომ ერთი კლასი უქმდება და მეორე ის, რომ თუ მხოლოდ კერძო სკოლებში რჩება მე-12 კლასი, სოფელში დარჩენილი ადამიანის ხელფასი რამდენად შესწვდება კერძო სკოლის ფასს, რომ თავიანთი შვილები გაუშვან იქ, მე-12 კლასებში?

აქ, სოფელში ან მუნიციპალიტეტებში არსად არ არის კერძო სკოლა და ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ უნდა გადავიდნენ ეს ოჯახებიც სოფლიდან.

სპეცკლასებს გავხსნითო, რომ ითქვა, აქაც ქალაქებზე იყო საუბარი და რომ წავიდნენ ბავშვები იქ, სადაც სპეცკლასებს გახსნიან, მაშინ მათი იქ ცხოვრებაც უნდა უზრუნველყონ, რომ სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის ეს კიდევ არ იქცეს დამატებით პრობლემად.

ვრცლად