ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს ხვდება. ღონისძიება გიორგი კალანდარიშვილმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლობისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად გახსნა.
მთავარი თემა არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაა.
ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, კომისიამ სისტემა, 2018 წლიდან დღემდე, 8-ჯერ გატესტა.
“საარჩევნო ადმინისტრაცია და ქვეყანაში გამოყენებული ტექნოლოგიები უპასუხებს ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს კარგ სტანდარტს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში ფართომასშტაბიან ტექნოლოგიურ ინტერვენციამდე მისი გამოყენება რამდენიმე ეტაპად უნდა იყოს განხორციელებული.
2018 წლიდან დღემდე, 8 მცირემასშტაბიანი, თუ ფართომასშტაბიანი პილოტი ჩატარდა, რომელმაც, ეტაპობრივად, მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ გავითვალისწინოთ და დავაზღვიოთ ყველა რისკი და საფრთხე, რომელიც ამ პროცესში გამოიკვეთა, მათ შორის, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის შედეგად, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ცესკო შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, პროცედურები, ბიზნესსაქმიანობები მაქსიმალურად იყოს დაახლოებული საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან.
კანონში ჩაიწერა, რომ აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებას ადგილი ექნება მხოლოდ ქვეყნის შიგნით, მათ შორის – ინტერნეტის გამოყენების გარეშე, რადგან საფრთხეები, რომლებიც კიბერთავდასხმებს უკავშირდება, თავიდან ყოფილიყო აცილებული”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.