ჰამასი თანახმაა საკუთარი მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, მძევლად აყვანილი 50-მდე ქალი და ბავშვი გაათავისუფლოს. ინფორმაციას Washington Post მოლაპარაკებებში ჩართულ არაბ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ჰამასი ისრაელისგან 3-დან 5-დღემდე ხანგრძლივობის ცეცხლის შეწყვეტას, ღაზაში შემავალი ჰუმანიტარული ტვირთების მოცულობის ზრდას და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და ბავშვების ნაწილის გათავისუფლებას ითხოვს.
როგორც გამოცემა წერს, გარკვეულ კომპონენტებზე შეთანხმების შესახებ ცნობების გავრცელების ფონზე, აშშ და სხვა დაინტერესებული მხარეები ამ დროისთვის ისრაელის ოფიციალურ პასუხს ელოდებიან, სადაც ზემოხსენებული პირობების განხილვა კვლავ გრძელდება. მძევლების გათავისუფლების შესახებ შესაძლო შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ვითარებას “ფრთხილი ოპტიმიზმით” უყურებს.
ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.