რა უჯდებათ საშობაო სუფრა წელს ევროპელებს? – Euronews-ის მიმოხილვა (bm.ge)

შობა-ახალი წელი ტრადიციულად საჩუქრებთან, ოჯახურ შეკრებებთან და უხვ სუფრასთან ასოცირდება. თუმცა, წელს ევროპულ ოჯახებს სადღესასწაულო სამზადისისთვის ჩვეულებრივზე მეტი ფინანსური რესურსის მობილიზება მოუწევთ. ხორცზე, კვერცხსა და შოკოლადზე გაზრდილმა ფასებმა მომხმარებელთა ბიუჯეტს სერიოზული დარტყმა მიაყენა.
Euronews-მა მიმოიხილა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ევროპის ქვეყნები ტრადიციული სადღესასწაულო სუფრის მომზადებისას.
გერმანიაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა ფინანსურ სიფრთხილეს იჩენს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი საჩუქრებსა და სუფრაზე ჯამში 200 ევროზე მეტის დახარჯვას არ გეგმავს. თუმცა, მოსახლეობის მხოლოდ 5% აპირებს ეკონომიის გაწევას უშუალოდ სადღესასწაულო ვახშამზე, რაც ადასტურებს, რომ ეს ტრადიცია გერმანელებისთვის კვლავ პრიორიტეტულია. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ გერმანელი ოჯახისთვის საშობაო ვახშმის ფასი 70.75 ევროა.
წელს უნგრეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ძირითად საშობაო პროდუქტებზე, როგორებიცაა რძე, ფქვილი, ქათმის მკერდი და სხვა, ფასების ზედა ზღვარი დაეწესებინა. შესაბამისად, ოთხი ტრადიციული კერძის მომზადება აქ დაახლოებით 78 ევრო ჯდება.
პოლონეთში ხარჯების ისტორიული კლება ფიქსირდება, რაც ძირითადად საწვავის გაიაფებითა და სადღესასწაულო მენიუს მთავარი ატრიბუტის, კობრის (თევზი) ფასის კლებით არის განპირობებული. შესაბამისად, წელს პოლონელები სადღესასწაულო კვებაზე 90-115 ევროს დახარჯავენ.
იტალიელები სადღესასწაულო სუფრაზე ჯამში 3.1 მილიარდ ევროს დახარჯავენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა იტალიელებს წლიურ ჭრილში მკვეთრად გაუძვირდათ კაკაო და ყავა. ხალხის გამოკითხვა აჩვენებს, რომ იტალიელები საშობაო კალათისთვის 117 ევროს, საახალწლო სუფრაზე კი 87 ევროს დახარჯავენ. ამასთან, ოქროს ფასის ზრდის გამო, იტალიელები წელს ნაკლებად გეგმავენ ტრადიციული საჩუქრის — სამკაულების შეძენას და უპირატესობას ტანსაცმელსა და ელექტრონიკას მიანიჭებენ.
ევროპული ტენდენციისგან განსხვავებით, საფრანგეთში საშობაო კალათა მცირედით გაიაფდა. მიუხედავად იმისა, რომ შოკოლადი აქ 22%-ით გაძვირდა, ფრანგებისთვის მათი საყვარელი დელიკატესი – ფუა-გრა – იგივე ბატის ან იხვის ღვიძლის კერძი, წელს უფრო ხელმისაწვდომია. კერძოდ, ფრანგებს საშობაო ვახშამი წელს 1.77 ევროთი ნაკლები – 155.3 ევრო დაუჯდებათ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წლევანდელი მცირე კლებისა, 2022 წელთან შედარებით, ფასები მაინც 12%-ით არის გაზრდილი და ექსპერტების აზრით, ძველ ნიშნულს აღარასდროს დაუბრუნდება.
ესპანეთში ტრადიციული საშობაო კერძები საშუალოდ 5%-ით გაძვირდა. საქონლის ხორცის ფასმა 18%-ით მოიმატა, თევზისა და ზღვის პროდუქტების ღირებულება კი დეფიციტის გამო რეკორდულად იზრდება – მოვაჭრეების პროგნოზით, სადღესასწაულო სეზონზე თევზის ფასი შესაძლოა გაორმაგდეს. ფრინველის გრიპით გამოწვეულმა ინფლაციამ და ფასების ზრდამ საშუალო სავაჭრო კალათის ფასი მკვეთრად გაზარდა. ტიპური საშობაო ვახშამი ერთ ადამიანზე დაახლოებით 44 ევრო დაჯდება, შესაბამისად, ოთხსულიანი ოჯახისთვის – დაახლოებით 176 ევრო.

საბერძნეთში მომხმარებელთა ფედერაციის მონაცემებით, საშობაო სუფრის ღირებულება შარშანდელთან შედარებით 16-20%-ით გაიზარდა. ოთხსულიანი ოჯახისთვის სუფრის ხარჯი დაახლოებით 186 ევროს შეადგენს, როცა შარშან ეს მაჩვენებელი 156 ევრო იყო. განსაკუთრებით გაძვირდა ხორცი და ზეითუნის ზეთი.

პორტუგალიაში სამომხმარებლო კალათის ფასი 2.8%-ით არის გაზრდილი. ყველაზე მეტად გაძვირდა შოკოლადი, რომლის ფასმაც კილოგრამზე 4.07 ევროს მიაღწია, როცა შარშან 1.86 ევრო ღირდა, თუმცა 34.6%-ით გაიაფდა ზეითუნის ზეთი. პორტუგალიელი ოჯახები საშობაო ვახშამზე 220-მდე ევროს დახარჯავენ, ჯამურად სადღესასწაულო სურსათსა და სხვა საყიდლებზე კი მათი დანახარჯები 400 ევროს მიაღწევს.
bm.ge